
თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ბრალდების მხარე კი პატიმრობას.
ელგუჯა ცომაიას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ცომაია არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელმაც დევნილი მესამე პრეზიდენტი შეიფარა.
,,ქართველმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ განმეორდეს ის უმძიმესი შეცდომები, რაც 90-იან წლებში დავუშვით. ელგუჯა ცომაიას მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდული, დანაშაულის დაფარვა არ გულისხმობს ძებნილი პირის საკუთარ სახლში შეფარებას. ეს მუხლი არ არსებობს და დასჯადი არ არის. რაც შეეხება საზღვარზე უკანონოდ შემოყვანის საკითხს, პროკურატურის ფანტაზიას და აღვირახსნილი დევნის წარმოების პროცესს შესაძლოა დასასრული არც ჰქონდეს ღარიბაშვილის დაკვეთით”, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.
ვიდეოს გამოქვეყნებამდე სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა.
მმართველი პარტიაში აცხადებდნენმ რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.
"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი.