თავში

მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახი დანაშაულში ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის მონაწილეობას არ გამორიცხავს

მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახი დანაშაულში ბათუმის ყოფილი ვიცე-მ
მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახი დანაშაულში ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის მონაწილეობას არ გამორიცხავს

თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახი და ადვოკატი მკვლელობაში ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის მონაწილეობას არ გამორიცხავს.

მოკლული ქალის დედის, სვეტლანა შატალოვას განცხადებით, ანასტასია შატალოვას მტრები არ ჰყოლია, თუმცა ის ვარაუდობს, რომ მკვლელობის საქმესთან შემხებლობა შესაძლოა, ჰქონდეს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, რომელთანაც შატალოვას საერთო შვილი ჰყავს.

"მე არ ვიცი რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მიზანი, თუმცა ზურაბი ხშირად ურეკავდა ანასტასიას. განხილვის მიზანი იყო, რომ ბავშვი არ წაეყვანა. მახსოვს, რომ ანასტასია ბოლო პერიოდში მეუბნებოდა, რომ ის სახლიდანაც ხშირად არ გადიოდა. არ მქონია მოლოდინი, რომ რაიმე ცუდი მოხდებოდა, მას მტრები არ ჰყოლია, ვფიქრობ ზურაბი ამ საქმეში ფიგურირებს, რადგან მის წინააღმდეგ ბევრი ფაქტია, კონკრეტულად ამ მომენტისთვის მან მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, მათ შორის ბავშვიც. არ ვიცი რა მოხდა და რატომ მოკლეს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ხშირად მირეკავდა და მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ, ზურაბთან უნდა მოვაგვარო სიტუაცია, რომ ბავშვი არ წამართვასო. ბოლოს აქ ჩამოვფრინდი, დავრჩი 23 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე, სულ უკან იხედებოდა და მეუბნებოდა მითვალთვალებენო, ზურაბის გარდა, ვის შეეძლო მისთვის ეთვალთვალა, არ ვიცი, მტრები არ ყოლია. ძალიან ბევრი ფაქტია მის წინააღმდეგ, ბავშვი მის სახლშია, ის ძალიან ბევრ დროს, ენერგიას და ფულს ხარჯავდა, რომ შვილი მას დარჩენოდა, ახლა ეს ყველა პრობლემა გადაწყვეტილია. 

უთვალთვალებდნენ ასევე ძიძასაც, როცა ის ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდა.

პოლიციაში ვიყავი, მითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, სამი დაკავებულია, ისინი ბრალს არ აღიარებენ, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომ სწორედ მათ მოკლეს ანასტასია“, - აცხადებს შატალოვას დედა.

ანასტასია შატალოვას ოაჯახის ადვოკატის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ წარადგინეს ფაქტები, რომელიც დაკავშირებული იყო საეჭვო მანქანებთან. მისივე თქმით, ოჯახის მიზანი არა მხოლოდ უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულის დასჯა, არამედ მკვლელობის დამკვეთის დასჯაც არის.

"მე მივაწოდე გამოძიებას სისხლის სამართლის საქმის ის მასალები, რომლებიც უკავშირდება ზურაბ ბერიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებს, რაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე დაწყებულია წარმოება და ბერიძე ბრალდებულია,“- განაცხადა პაატა შავაძემ.

ანასტასია შატალოვა თბილისში 18 ოქტომბერს მოკლეს. მას ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა. სასტიკი დანაშაულის საქმეზე 3 პირია დაკავებული.

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვა, ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა. ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

თუმცა მოგვიანებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ურთიერთობა დალაგდა და ბერიძე შვილის სანახავად 25 წლის ქალთან ხშირად დადიოდა.

მკვლელობის დღეს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ჩხრეკის პროცესს ადვოკატთან ერთად ესწრებოდა თავად ბერიძე. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს და თავადაც შეძრულია ტრაგედიით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შატალოვას საქმეზე დაკავებულია სამი პირი. თბისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შატალოვას მცირეწლოვანი შვილი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადავიდა. აღნიშნულ საკითხზე დავა ანასტასია შატალოვას და ზურაბ ბერიძეს სასამართლოში ჰქონდათ, თუმცა, მაშინ მოსამართლემ ბავშვი დედის ზრუნვაში დატოვა. საბჭოს მიერ 22 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მოკლულის ადვოკატი. პაატა შავაძის განცხადებით, მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მისივე თქმით, ბავშვის მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ხოლო შატალოვას ოჯახის სურვილია, რომ ბავშვი მათ მეურვეობაში დარჩეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system