თავში

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს. 

სააკაშვილის მიმართვა მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ წაიკითხა:

"არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და უნდა გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე, სადაც არამხოლოდ მერები, არამედ, მეორე ტურებში გასული მაჟორიტარები. უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან, "ოცნება" თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას. ამიტომ, მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის.

მე ყოველწუთიერად ვგრძნობ სატუსაღოში თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამე ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს.

მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე.

P.S. - და კიდევ ერთი, ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუსი ავრცელებს, არის სრულიად დასაიგნორებელი, ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებასა და ერთმანეთზე გადაკიდებაზე. ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობა და სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ",  - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი შ.წ და ზ.წ დააკავეს.

ასევე დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system