თავში

აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრა

აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრა
აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრა

დღეს საქართველოს მთავრობამ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა. დადგენილების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და მისი მიზანია, აკვაკულტურის სექტორში წარმოებით დაინტერესებულ პირთათვის იმ დოკუმენტების ნუსხისა და ინფორმაციის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია აკვაკულტურის ნებართვის გასაცემად.

აღნიშნული დადგენილებაუზრუნველყოფს საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და შიდა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, ნაკადულები, არხებიდა სხვა წყლის პროდუქტების მოშენებისთვის ვარგისი წყალსატევები) აკვაკულტურის მიზნებისათვის სარგებლობის რეგულირებას და მათ რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, წყლის ორგანიზმების (თევზი, წყლის მცენარეები და სხვა) მოშენებას (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება) აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენებით.

დადგენილება ითვალისწინებს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცედურებსა და ვადებს. აკვაკულტურის ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება 20 წლამდე ვადით, განახლების შემდგომი შესაძლებლობით.

დადგენილების თანახმად, აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით, გარდა კერძო საკუთრების ან სახელმწიფო საკუთრების მიწაზე აკვაკულტურის წარმოების შემთხვევისა, რომელზედაც, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა პირდაპირი წესით.

დადგენილება განსაზღვრავს აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სანებართვო პირობებს, რომელიც უზრუნველყოფს აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას, გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

აკვაკულტურის ნებართვას არ საჭიროებს მცირე ზომის (საოჯახო მეურნეობები 50 მ3 მოცულობის) აკვაკულტურის წარმოების განხორციელება.

რაც შეეხება, აკვაკულტურის კონსტრუქციების გარეშე ტბებსა და სხვა წყალსატევებზე ბუნებრივი საკვების ხარჯზე აკვაკულტურის მეურნეობის წარმოების მიზნით ნებართვების გაცემას, აღნიშნული მოწესრიგდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ ცალკე დადგენილებით.

მთავრობის ინფორმაციით,  მზარდია აკვაკულტურის როლი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ინვესტიციების განხორციელება, ადგილობრივ და უცხოელ მეწარმეთა დაინტერესება აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის პოტენციალით. 

სახელმწიფოს დახმარებით ქართულმა წყალქვეშა ფერმამ წარმადობა გაზარდა. ქართული მიდიები და ხამანცკები ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება და 5 ქვეყანაში დაექსპორტდება.

შეგახსენებთ, საქართველო თევზის ადგილობრივი წარმოების ზრდაზე მუშაობს. ქვეყანამ საზღვაო თევჭერის ფლოტის აღდგენა დაიწყო. და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა. თევზჭერის სექტორში სახელმწიფომ 38 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო. 2020 წელს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი. თევსაჭერი გემების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

საქართველოში მეთევზეობის დიდი პოტენციალია.

შავ ზღვაში თევზის მოპოვებაზე კვოტები განისაზღვრა. 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ქაფშიის შემთხვევაში 109 000 ტონას შეადგენს.

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს.

მზადაა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.

ცნობისთვის, 2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება.

კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.

2019 წელს საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა.

აკვაკულტურისა და მარიკულტურის რა პოტენციალია საქართველოში, ნახეთ აქ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system