თავში

ნამახვანჰესის მნიშვნელობას პრემიერ-მინისტრი განმარტავს

ნამახვანჰესის მნიშვნელობას პრემიერ-მინისტრი განმარტავს
ნამახვანჰესის მნიშვნელობას პრემიერ-მინისტრი განმარტავს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რისი შეფერხებაც არაგონივრული და გაუმართლებელია.

 “ნამახვანჰესი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ნამახვანჰესზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა 40 წლის წინ დაიწყეს მუშაობა. ის აჟიოტაჟი, ხმაური, რაც არის დაწყებული აბსოლუტურად გაუგებარია. რა თქმა უნდა გავმიჯნავ მოსახლეობას, რომლებიც ამ პროცესში გულწრფელად არიან ჩართულები, და მეორე მხარეა პოლიტიკურად ანგაჟირებული, უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული მოქალაქეები, რაც საგანგაშოა. დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან. ყველაფრის იმპორტი მიმდინარეობს. ჩვენ უკვე გავზარდეთ იმპორტირებული ელეტროენერგიის წილი, რადგან ყოველწლიურად იზრდება მოხმარება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელი შვუწყოთ, წავახალისოთ ჰესების, მათ შორის დიდი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობა“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძენა, რომ რიონის განვითარებისთვის ამ ეტაპზე შექმნილია 5 მილიონიანი ფონდი. 30 მილიონი კომპანიას უკვე გადახდილი აქვს კომპენსაციებში. მშენებლობაზე დასაქმდება 2000 ადამიანი, აშენდება 400-ზე მეტი მეგავატი სიმძლავრის ჰესი. 

მთავრობის მეთაურმა მიწის ინვესტორზე იჯარით გაცემის ფაქტიც განმარტა. 

"საუბარი იყო ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარის გადაცემაზე, ეს არის მიღებული პრაქტიკა, ყველგან, მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ინვესტორებთან ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა უნდა შეწყდეს. ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის მაგალითს იშველიებს.

“შვეიცარიაა მაგალითის მომცემი ყველა მიმართულებით, სადაც დაახლოებით 600 დიდი და საშუალო ჰესია, აქედან 350 არის ისეთი ჰესი, რომელზეც კაშხლებია აგებული. შვეიცარიაში 25 ჰესის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრია. ენგურჰესის კაშხალი დაახლოებით 270 მეტრს შეადგენს, ნამახვანჰესის 100 მეტრს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა, თუმცა აქვს დიდი რესურსი, რისი ათვისებაც მაქსიმალურად უნდა მოხდეს.

“მოსახლების წუხილი მოვისმინე, რომ ჩვენ სეისმურად არამდგრად გარემოში ვართ, ძალიან ბევრია მიწისძვრები და ა.შ. იაპონიაში თუ არის 200-ზე, 300-ზე მეტი აქტიური ვულკანი, 3000 ჰესია აშენებული. ნორვეგია, რომელიც გამოირჩევა ჰიდრორესურსებით, 93% აქვს ათვისებული. ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი ჰიდრორესურსის ათვისების, ვინაიდან ჩვენ პატარა და ღარიბი ქვეყანა, ყველა რესურსი მაქსიმალურად და გონივრულად უნდა ავითვისოთ. ჩვენ ოქროს შუალედს ყოველთვის ვიპოვით, ამ პროექტებს განვახორციელებთ. სასურველია დიდი ჰესების მშენებლობის პროცესში სახელმწიფო ჩაერთოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით ჩერდება. ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 3-4 თვეა გააქტიურდა. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system