თავში

საქართველო მოცვის ექსპორტს 5000 ტონამდე გაზრდის

საქართველო მოცვის ექსპორტს 5000 ტონამდე გაზრდის
საქართველო მოცვის ექსპორტს 5000 ტონამდე გაზრდის

 EastFruit-ის მიხედვით, საქართველოდან მოცვის ექსპორტი, 2023 წლისთვის, 5000 ტონას მიაღწევს. გამოცემის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამჟამად საქართველოში 1000 ჰექტარზე მეტი ფართობის მოცვის კომერციული პლანტაციებია, რომლებიც წლიდან წლამდე ფართოვდება.

როგორც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო ცენტრის ეკონომისტი ანდრეი იარმაკი აცხადებს, 2020 წელს საქართველოში 750 ტონა მოცვის მოსავალი იყო, აქედან 89%-ის (665 ტონა) ექსპორტი [$3.8 მლნ-ის მოცულობის] განხორციელდა. დანარჩენი კი, შიდა მოხმარებისთვის გადამუშავდა.
მისივე მტკიცებით, საქართველოს მოცვის პლანტაციებში ჰექტარზე 1 ტონაზე ნაკლები მოსავალი მოდის, თუმცა, მოცვი დარგვიდან მოსავლიანობის მაქსიმუმ მოცულობას მეხუთე წელს აღწევს.

„საქართველოს აქვს შესანიშნავი საექსპორტი ნიშა, ვინაიდან ქართული მოცვი მაისის ბოლოს მოდის, მას შემდეგ, რაც ესპანეთიდან მოცვის მასობრივი მიწოდების სეზონი სრულდება და მანამდე, ვიდრე უკრაინასა და პოლონეთში მისი მოსავლიანობა იწყება“, - განაცხადა ანდრეი იარმაკმა.

EastFruit-ის ექსპერტების გათვლებით, საქართველოში წელიწადში, დაახლოებით, 200-300 ჰექტარზე შენდება მოცვის ბაღები, მაშინ როდესაც მაგალითად პერუში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ამ მხრივ ლიდერია, წლის განმავლობაში მაქსიმუმ 2000 ჰექტარის ფართობის პლანტაციები გააშენეს, უკრაინაში კი -1000 ჰექტრამდე.

სპეციალისტების პროგნოზით, საქართველო 2021 წელს მოცვის მოსავლის 1300-1500 ტონით გაზრდას შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, შევიდეს მსოფლიოში მოცვის 25 უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაში და მიუახლოვდეს სერბეთის და უკრაინის მაჩვენებლებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი ქვეყანაც წლიურად ზრდის მოცვის ექსპორტის მოცულობას.

EastFruit-ის ცნობით, ქართული მოცვის ექსპორტი 2020 წელს ძირითადად რუსეთის ბაზარზე განხორციელდა; 12 ტონა გაიგზავნა პოლონეთში. 6-8 ტონა - სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უკრაინაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის 1 ივნისიდან  13 დეკემბრამდე პერიოდში  საქართველომ 674 ტონა მოცვის ექსპორტი განახორციელა. მოცვის ამ ოდენობის ღირებულება 3.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქართულ მოცვს შეუძლია საერთაშორისო ბაზრის დიდი ნაწილის დაიკავოს და შესაბამისად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს მოცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში.

სტატიაში აღნიშნულია მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაცია, რომლითაც საქართველოსთვის მოცვის ექსპორტი ძალზედ მნიშვნელოვანია და რომ 5,2 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე გაკეთდა.

ცნობისთვის, "ეფკოს" მოცვის ბიზნესის 32 ჰექტარი, ხოლო ჯამში 326 ჰექტარის ოდენობის მიწები გააჩნია. შპს „ეფკომ“ ლურჯი მოცვის პლანტაციების აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები აუქციონზე გადაიბარა. საქმე ისაა, რომ საპარტნიორო ფონდის მიმართ პლანტაციის აქტივების მმართველ „ვანრიკ აგროს“ ვალდებულებები დაუგროვდა, რაც ვერ დაფარა. „ვანრიკ აგრო“ გაკოტრების რეჟიმში გადავიდა, საბოლოოდ კი, საპარტნიორო ფონდმა ამ ვალდებულებების გასხვისება საჯარო აუქციონის გზით გადაწყვიტა, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია - „ეფკო“ მონაწილეობდა.

„ეფკომ“ 12 მლნ 10 ათას ლარად გადაიბარა წინამორბედის ვალდებულებები. სააუქციონე პირობების მიხედვით, 12 მლნ 10 ათასიდან 3 მლნ ლარ კომპანიამ თავდაპირველად დაფარა, დანარჩენ თანხას კი მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში დაფარავს.

გურიაში, დაბა ლაითურში ლურჯი მოცვის პლანტაციის გასაშენებლად 9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, 20 მილიონ ლარზე მეტია მოცვის წარმოების სახელმწიფო მხარდაჭერა. დღესდღეობით 500-ზე მეტი კომპანიაა ჩართული მოცვის ბიზნესში.

ნახევარ ჰექტრამდე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ქართული მოცვის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე რუსეთში გადის. სპეციალისტების განმარტებით, საქართველოს აქვს პოტენციალი ლურჯი მოცვის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანათა სიაში შევიდეს.

ცნობისთვის, შარშან ქართულ ლურჯ მოცვზე ისტორიულად მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system