თავში

სახელმწიფოს შიდა ვალი 5.87 მილიარდ ლარია

სახელმწიფოს შიდა ვალი 5.87 მილიარდ ლარია
სახელმწიფოს შიდა ვალი  5.87 მილიარდ ლარია

საქართველოს სახელმწიფოს შიდა ვალი 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით 5.87 მილიარდ ლარს შეადგენს. სახელმწიფოს შიდა ვალი მთლიანად ლარში არის ნომინირებული. შიდა ვალს მთავრობა, როგორც წესი, სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით იღებს. სახელმწიფო საშინაო ვალის ნაშთი არ მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის  48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მოცულობა დაუზუსტებელია.

სახელმწიფოს შიდა ვალი ასე ნაწილდება:

1) სახაზინო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ობლიგაციები; სახაზინო ვალდებულებები) - 5.5 მილიარდი ლარი;
2) სხვა ფასიანი ქაღალდები - 342 მლნ ლარი;
3) საბიუჯტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალი - 31 მლნ ლარი.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი $8 მილიარდ დოლარს, ანუ 27.6 მილიარდ ლარს შეადგენს. გამოდის, რომ მთლიანობაში საქართველოს შიდა და საგარეო ვალის მოცულობა 33.49 მილიარდი ლარია. ამჟამად სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აღემატება და 2021 წლის მოსალოდნელი მშპ-ის, ანუ 53.4 მილიარდი ლარის 62.7%-ს შეადგენს. საგარეო ვალის საგანგაშო ზრდის გამო ფინანსისტები ხედავენ რისკს, რომ საქართველოს სუვერენული დეფოლტის საფრთხე დაემუქროს. მათი თქმით, საქართველოს, როგორც არამწარმოებლური ეკონომიკის ქვეყანას, ამ ვალის მომსახურება ძალიან გაუჭირდება. ანალიტიკოსების განმარტებით, საგარეო ვალის ზღვარი მშპ-თან საშიშ დონეზეა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზომებია მისაღები. 

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში მთავრობამ 35 000 000 ლარის შიდავალი აიღო.  2021 წლის მარტში ჩატარდა სახაზინო ფასიანი ქაღალდების ოთხი აუქციონი, რომელზეც 87.6 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები განთავსდა. ფინანსთა სამინისტროს 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის საშინაო ვალი 5.9 მლრდ ლარს უტოლდება.

საგარეო ვალთან ერთად, შიდა ვალიც მატულობდა.

ცნობისთვის, შიდავალის ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მთავრობას შიდა ვალის აღებას არ ურჩევენ. სპეციალისტების შეფასებით, შიდა ვალის ზრდა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს და ფინანსური სექტორის განვითარებასაც აფერხებს. როგორც ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, საგარეო ვალთან დაკავშირებით ეს რისკი ნაკლებადაა, ხოლო შიდა ვალის შემთხვევაში ეს ფული აკლდება ბანკებს და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მათ რეალურად ნაკლები რჩებათ. ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ გააჩნია. არ მუშაობს შიდა ვალის ხარჯვის მექანიზმი, რის გამოც არსებობს საფრთხე, ეს რესურსი არაეფექტურად დაიხარჯოს, რითაც ზარალდება ეკონომიკა და ლარიც კურსიც უფასურდება. სპეციალისტები შიდა ვალის ზრდას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ იმ პირობით, თუ ქვეყანა აღებული სესხის უკუგებას ახერხებს. თუ უკუგება არ ხდება, ფინანსისტები მაბობენ, რომ ასეთი ვალი ეკონომიკისთვის ზიანის მომტანია, რადგან ეს რესურსი ქვეყნის კეთილდღეობას ვერ ხმარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system