თავში

თხევად გაზზე აქციზის გადახედვას ითხოვენ

თხევად გაზზე აქციზის გადახედვას ითხოვენ
თხევად გაზზე აქციზის გადახედვას ითხოვენ

შეტევა თხევადი გაზის LPG საწვავის იმპორტიორები საკუთარი უფლებების დარღვევაზე report.ge-სთან საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის დირექტივას არღვევს აქციზის დაბეგვრის თაობაზე, რადგან, მათი მათი თქმით,  ევროკავშირის დირექტივით, თხევად გაზზე აქციზის გადასახადი 4-ჯერ ნაკლები უნდა იყოს.

თხევადი გაზის ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ ტიპის საწვავზე აქციზის გადასახადი ბენზინის აქციზის გადასახადთან თითქმის გათანაბრებულია. თხევადი გაზის ასოციაცია გეგმავს, მიმართოს მთავრობას აქციზის გადასახადზე გადახედვის თხოვნით. 

თხევადი გაზის ასოციაციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, თხევად გაზზე, აქციზის გადასახადი უნდა შეადგენდეს ბენზინზე არსებული გადასახადის 25%-ს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, ფასები თითქმის მიახლოებულია, რადგან აქციზის მატებამ თხევადი გაზის სარეალიზაციო ფასიც გაზარდა. ნიკა ხოფერიას განცხადებით, ფასის ზრდამ მოთხოვნაც შეამცირა, არადა, თხევადი გაზი ყველაზე ეკომეგობრული საწვავია. მისი თქმით, თხევადი გაზის გამონაბოლქვი 44%-ით ნაკლებია დიზელის და 37 %-ით ნაკლებია ბენზინის გამონაბოლქვთან შედარებით. 

"თხევად გაზზე ავტომობილების გადაყვანა თითქმის აღარ ხდება და ამის მიზეზი აქციზის გადასახადის მატება და შესაბამისად, პროდუქციის გაძვირებაა. ავტომობილების გადაყვანა თითქმის აღარ ხდება. მხოლოდ 2019 წელს, ქვეყანაში ჯამში, თხევადი გაზის 25 000 ბალონი და სხვა მოწყობილობა შემოვიდა, ბიუჯეტში კი ჯამში 7.5 მლნ ლარი შევიდა. დღეს კი ჩვენი ბრუნვაც და ბიუჯეტში შენატანიც შეჩერებულია, უმუშევრად დარჩენის საფრთხის წინაშეა ამ სფეროში დასაქმებული 2500 ადამიანი,“ - ამბობს ნიკა ხოფერიამ და არ გამორიცხავს, რომ  თხევადი გაზის ბიზნესზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდებოდეს, რადგან თხევადი გაზი ბენზინის, დიზელის და ბუნებრივი გაზის ალტერნატივაა. ხოფერიას მტკიცებით, ამ საწვავის იმპორტიორებს თხევადი გაზის ბიზნესის წამოწევა არ აწყობთ. 

თხევადი გაზის ასოციაცია აქციზის გადახედვას პირველად არ ითხოვს. საწვავზე აქციზის გადასახდის შემცირებას ითხოვს ოპოზიციაც.

შეგახსენებთ, 2020 წლამდე, თხევადი გაზის დაბეგვრა 2-ეტაპად ხორციელდებოდა. იმპორტის გადასახადი 120 ლარი იყო. საავტომობილო საწვავად გამოყენების შემთხვევაში აქციზის ოდენობა 180 ლარს შეადგენდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი კომერციული, ან საყოფაცხოვრებო მიზნით მოახდენდა პროდუქტის რეალიზაციას, აქციზის გადასახადისგან თავისუფლდებოდა. 2020 წლის აგვისტოში კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა, 2-ეტაპიანი აქციზის დაბეგვრა გაუქმდა, გახდა ერთეტაპიანი და ჯამში 300 ლარამდე გაიზარდა. 

ნავთობროდუქტების იმპორტიორები თხვევადი გაზის ერთიანი აქციზის ამოქმედებას ცალსახად დადებითად აფასებენ. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი ლევან გიორგაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში როდესაც საწვავზე მოხდა აქციზის ზრდა, LPG-ზე არ მოხდა და შესაბამისად სხვა საწვავთან მიმართებაში LPG არაპროპორციულად იბეგრებოდა, რამაც გააჩინა არასამართლიანი კონკურენცია ავტომანქანების საწვავის ბაზარზე. თხევად აირზე (LPG) ერთიანმა აქციზმა ეს პრობლემა აღმოფხვრა.

საწვავის ამ ტიპის მიმართ გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში. მათი მონაცემებით, შარშან საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 26,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით ანუ 34,5%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციითვე, დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას, მათი რიცხვი 200 ერთეულს აღემატება. ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი ამტკიცებს, რომ თხევადი გაზის დაბეგვრის ახალი წესის ამოქმედებამ ბიუჯეტს ამ სეგმენტიდან შემოსავალი 300%-ით გაეზარდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირი თხევად აირზე (LPG) ერთიანი აქციზის ამოქმედებამდე დიდი ხანი მიუთითებდა იმის აუცილებლობაზე, რომ ვინაიდაინ LPG არის ნავთობპროდუქტი, მასზეც დაწესებულიყო ხარისხობრივი სტანდარტი და გამხდარიყო სავალდებულო, როგორც ეს არის ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, ევროკავშირში თხევადი გაზისთვის მოქმედებს სტანდარტი EN-589.

ცნობისთვის, ნავთობიმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ხდება თხევადი გაზის იმპორტი 2901 კოდით, რომელიც აქამდე აქციზის გადასახადს არ ექვემდებარებოდა და ადგილობრივ ბაზარზე გამოიყენება ავტომობილების გასამართად, როგორც თხევადი გაზი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში დგაუმართლებლად მიაჩნდათ ისიც, რომ აღნიშნული პროდუქტი არ ექვემდებარებოდა რაიმე სტანდარტებს.

თხევადი გაზის ბაზარზე არსებულ "შავ ხვრელზე" დიდი ხანი საუბრობდა საქართველოს ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე შავლეგ მიშველაძეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system