თავში

წლევანდელი რთველისთვის მზადება დაიწყო

წლევანდელი რთველისთვის მზადება დაიწყო
წლევანდელი რთველისთვის მზადება დაიწყო

რთველის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო. საქმე ისაა, რომ  წლევანდელ რთველში ცვლილებებია:  ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხსა და ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე კონტროლი გამკაცრდება. ამასთან ერთად, დაგეგმილია რთველის ჩატარება ვენახების კადასტრის პროგრამის მონაცემების საფუძველზე და ყურძნის ჩაბარების დროს არსებული რიგების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვა.

აღნიშნული საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებთან ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, შემოდგომაზე ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესის ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად, რთველისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

„გასულ წელს, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაბინავდა; შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მევენახეების შემოსავალიც. თუმცა, იყო პანდემიით განპირობებული გამოწვევებიც, რასაც ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ და 2021 წლის რთველიც წარმატებულად დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მაისის თვიდან დაიწყებენ შეხვედრებს რეგიონის ყველა სოფელში. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა კახეთის რეგიონში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მიმდინარე წელს, იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ვენახების საკადასტრო სამუშაოები 2014 წელს ჩატარდა. ვინაიდან მას შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვენახების ფართობები, მიმდინარე წელს მონაცემების განახლების მიზნით განხორციელდება „ტვიშისა“ და „ხვანჭკარის“ მიკროზონების აეროგადაღებები.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, დაგეგმილი სიახლეები არის დროული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომელთა ეკონომიკური შემოსავლები პირდაპირ არის დამოკიდებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება.

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ შეხვედრაზე იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომელთა ფარგლებშიც, ფერმერები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, რთველის დროს რიგების მართვის ელექტრონულ პროგრამაზე.

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. ისეთი ბიზნესოპერატორისთვის, რომელსაც არ აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ჯარიმა 400 ლარის ნაცვლად 500 ლარით განისაზღვრა. ხოლო სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმა 600 დან 1000 ლარამდეა გაზრდილი.

ქართული ღვინის ფალსიფიცირებისგან დაცვის პარალელურად, გაგრძელდება ქართული ღვინის მარკეტინგი.

ცოტა ხნის წინ ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია.

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, წელს ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც. მიმდინარე წელს, იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა.

ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system