თავში

"ველით დროულ და ნათელ განმარტებას" - დავით ასათიანის მიმართვა

"ველით დროულ და ნათელ განმარტებას" - დავით ასათიანის მიმართვა
ველით დროულ და ნათელ განმარტებას - დავით ასათიანის მიმართვა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განმარტებას ითხოვს:

"რაც შეეხება ექსპრეზიდენტის რამდენიმე ადვოკატის არდაშვებას სასამართლო სხდომაზე - ბრალდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით!

ამიტომ, თბილისის საქალაქო სასამართლო,  ველით დროულ და ნათელ განმარტებას, რა მიზეზით არ მოხდა ადვოკატების არდაშვება სასამართლო დარბაზში", -წერს დავით ასათიანი სოციალურ ქსელში.

დავით ასათიანსა და ადვოკატთა ასოციაციას საჯარო განცხადების გაკეთებისკენ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მოუწოდა.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

პროტესტის მიზეზი მოსამართლის უარი გახდა, პროცესზე დაეშვა მესამე პრეზიდენტის სხვა ადვოკატები - ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი. 

როგორც გვარამიამ განმარტა, ჩანაცვლების მოთხოვნა იმით იყო განპირობებული, რომ მას და დიმიტრი საძაგლიშვილს, დამატებითი გარემოებების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, ხოლო დარბაზში მყოფი ადვოკატებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება გართულდებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული.

სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით არ ესწრებოდა.

პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილი პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან დაწესებულებიდან სასამართლოში დისტანციურად ჩაერთოს. რაზეც ადვოკატებმა უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ სააკაშვილი მზად არის პროცესს სასამართლო დარბაზში დაესწროს.

თავის მხრივ ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის მოსამართლეთა კოლეგიის ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილება მოითხოვეს.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system