თავში

ნიკა მელია ციხეში დიდი ხანი არ იქნება - სერგი კაპანაძე

ნიკა მელია ციხეში დიდი ხანი არ იქნება - სერგი კაპანაძე
ნიკა მელია ციხეში დიდი ხანი არ იქნება - სერგი კაპანაძე

ნიკა მელიას საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, მელიას ციხეში დიდი ხნით ყოფნა არ მოუწევს. 

"ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ საქმეზე მიიღება არის პოლიტიკური. ამიტომ, იმაზე მარჩიელობა, გუშინ ღამე, დაძინებამდე ივანიშვილმა რა გადაწყვეტილება მიიღო და რა დაავალა სასამართლოს, სრულიად უმადური საქმეა. მგონია, რომ თუ საღი აზრი მაინც არის, თუმცა ბოლო პერიოდში ეჭვი მეპარება, რომ ამ ხელისუფლებას საღი აზრი შენარჩუნებული აქვს, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული, მაგრამ ისინი მოქმედებენ არა საღი აზრის, არამედ თავიანთი თავებისთვის. ვნახავ რა იქნება გადაწყვეტილება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია ციხეში დიდი ხანი არ იქნება", - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში იწყება. შეუცვლის თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებას ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. თავად ბრალდებულს პროცესზე დასწრების უფლება არ აქვს.

საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომლის გადაწყვეტილებითაც, მიმდინარე წლის 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გირაოს გადახდაზე უარის თქმის გამო მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებდა და თუ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდიდა, ეს იქნებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 16 თებერვალს ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მას პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე, კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

პროცესზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელიას პატიმრობა შეუფარდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დღით გადადო.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

ნიკა მელია ამჟამად რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system