თავში

ჰაერის დაბინძურების ეკონომიკური დანაკარგი საქართველოში 560 მლნ დოლარია

ჰაერის დაბინძურების ეკონომიკური დანაკარგი საქართველოში 560 მლნ დოლარია
ჰაერის დაბინძურების ეკონომიკური დანაკარგი საქართველოში 560 მლნ დოლარია

2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ეკონომიკურმა დანაკარგმა 560 მლნ. აშშ დოლარი - ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ არნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“, რომლის მიხედვით, კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამწვავებს გარემოს დეგრადაციას,განსაკუთრებით, საქართველოს სანაპირო ზოლში. აქვე ხაზგასმულია, რომ 2018 წელს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყალდიდობების, ეროზიის, ნარჩენების უმართაობისა და ნიადაგის დეგრადაციის ეკონომიკურმა ღირებულებამ სანაპირო ზოლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5 პროცენტი შეადგინა. ანგარიში ხაზს უსვამს ბუნებრივი აქტივების მნიშვნელობას საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის და მიუთითებს იმას,რომ COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენა ქვეყნისათვის უკეთესი, უფრო სამართლიანი და მწვანე განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

ანგარიში მიუთითებს, რომ მწვანე განვითარების მოდელი მოითხოვს დარგობრივი პოლიტიკის სფეროშიმთელი რიგი პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც გააძლიერებს ტყისა და ლანდშაფტების მართვას, განავითარებს კლიმატისადმი მედეგ სანაპირო ზოლს, ხელს შეუწყობს დაბინძურების შემცირებას და მრავალდარგობრივი მიდგომის შემუშავებას მდგრადი განვითარების მიმართ.

ბიზნესის მიერ გარესმოსდაცვითი ვალდებულებების გადავადების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის” შესახებ, რომლითაც ცვლილებები სულ საქართველოს 7 კანონში შევიდა, მათ შორის “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მდებარე მსხვილ საწარმოებს ჰაერის მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მოუწევთ. ჰაერის დაბინძურების გაკონტროლების ვალდებულება სულ 85 საწარმოს უჩნდება. საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშიშესული ცვლილება მიმდინარე წელს, ხოლო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის დიდი ნაწილი, 2022 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში, რაც კანონქვემდებარე აქტების მიღებისა და აღსრულების ეფექტიანად განხორციელებისთვის, სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველყოფით არის განპირობებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კანონპროექტი ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტი პირველი ორი მოსმენით მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა.

შეგახსენებთ, 2021-24 წლებში საქართველოში მწვანე ეკონომიკა გააქტიურდება. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით, 1 ივნისიდან საქართველოში მოქმედი 85-მდე საწარმო ვალდებულია დაბინძურების წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა აღრიცხვა განახორციელოს და დანერგოს თვითმონიტორინგის სისტემები, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბიზნესი ამ ვალდებულებების შესასრულებლად მზად არ არის და გარემოსდაცვითი ვალდებულებების გადავადებას ითხოვს. მათ გარემოსდაცვით ჯარიმებთან დაკავშირებითაც აქვთ შენიშვნები.

თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე (ასეთი სულ 6-ია)  საშუალოდ 10-15 ათასი ევრო ღირს. ბიზნესი აცხადებს, რომ თითოეული გაფრქვევის წერტილისთვის თითო დანადგარია საჭირო, რაც მთლიანობაში სერიოზულ დანახარჯებს ნიშნავს.

მსოფლიო ბანკი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის მწვანე განვითარების გზის განმსაზღვრელ პლატფორმას, რომელიც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. ამ გზაზე პრიორიტეტულ ღონისძიებებს შორისაა რესურსების ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკის დანერგვა, დაბალნახშირბადიანი განვითარებადა კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია. ასევე, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და გარემოს დაზოგვაზე ორიენტირებული დარგების და იქ შექმნილი სამუშაო ადგილების პოპულარიზაცია.

2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ იკისრა მდგრადი განვითარების გაძლიერებისა დაგლობალური დათბობის შეზღუდვის ვალდებულება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ახლახან განახლებული დოკუმენტის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს სათბური აირების ემისიის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისათვის. ამ განახლებული დოკუმენტის ფარგლებში,საქართველომ 2030 წლისთვის აიღო სათბური აირების 35 პროცენტით შემცირების ვალდებულება, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს გლაზგოში დაგეგმილ მხარეთა კონფერენციაზე საქართველო და პარიზის ხელშეკრულების ყველა ხელმომწერი ქვეყანა წარადგენს ანგარიშგებას ამ სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისაკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

საქართველოს ახალი ვალდებულება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხებში მოიცავს:

1. 2030 წლისთვის, ემისიების შემცირება 35%-ით 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2. ემისიების შეზღუდვის რეალისტური მიზნების დასახვა შვიდი სექტორისთვის: ტრანსპორტი, შენობები, ენერგიის გენერაცია და გადაცემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ნარჩენები და ტყის მართვა.

3. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასება ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;

4. ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, განსაკუთრებით კი ენდემური, ადგილობრივი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშების;

5. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება;

6. ქალთა როლის გაძლიერება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და წყლის რესურსების მდგრად გამოყენებაში.

შეგახსენებთ, კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გადაწყვეტების ძიება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან სფეროდ აირჩია. მათი ინგორმაციით, საქართველო კლიმატის ცვლილების შედეგებს ყოველდღიურად განიცდის და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე შემაშფოთებელია. UNDP-ის ინფორმაციით, საქართველოში ენერგეტიკის სექტორი პასუხს აგებს სათბური აირების გაფრქვევის 60 პროცენტზე, ხოლო ჰაერის დაბინძურების მხრივ პირველ ადგილს იკავებს, რაც ძირითადად განპირობებულია წიაღისეული საწვავის ჭარბი გამოყენებით. 2020-2030 წლების ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს განახლებადი, მაგალითად წყლის, ქარისა და მზის ენერგიის წილი ენერგეტიკის სექტორში, რაც გამოიწვევს თბოელექტროსადგურების გამოყენებისა და შესაბამისად, გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას. ამ პროცესის პარალელურად, გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაც.

განახლებადი ენერგიის წყაროები ქვანახშირის სადგურებზე 80%-ით იაფია.

აშშ-ის პეზიდენტი ჯო ბაიდენი კი გეგმავს 2030 წელს მავნე გამონაბოლქვი 50-52%-ით შეამციროს, 2005 წელთან შედარებით, ხოლო 2050 წლისთვის აშშ-ის ეკონომიკის ნულოვანი გამონაბოლქვით არსებობაა დაგეგმილი. როგორც სამიტზე ბაიდენმა განმარტა, 2035 წლისთვის ამერიკის ენერგოსექტორი სრულად იტყვის უარს ნახშიროჟანგით ჰაერის დაბინძურებაზე. აშშ კლიმატის ეროვნულ სტრატეგიას უკვე ამუშავებს, რომელიც წლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ბაიდენი ამტკიცებს, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა აშშ-ის ეკონომიკას გაზრდის, მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რადგან სუფთა ენერგიის მისაღებად ინფრასტრუქტურის მშენებლობა მრავალრიცხოვან სამუშაო ძალას მოითხოვს. ამერიკელი ექსპერტების გათვლით, ამისთვის ამერიკის პრეზიდეტს, თითქმის ყველა დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურის დახურვა მოუწევს.

შეგახსენებთ, Bloomberg LP-ს დამფუძნებელმა და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, მაიკლ ბლუმბერგმა, კამპანიისთვის „ნახშირბადის მიღმა“ $500 მილიონი დოლარი გადარიცხა. თანხა აშშ-ში 2030 წლისთვის დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურების დახურვას უნდა მოხმარდეს.

ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს, რომელიც 2030 წელს პიკს მიაღწევს, 2060 წლისთვის ნულამდე დაიყვანს და ჩინეთი „კარბონ-ნეიტრალური“ ქვეყანა გახდება. ეს ამბიციური გეგმა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, 2020 წლის სექტემებრში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა.

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ.

2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი (ნახშირბადული კვალი) ამოქმედდება, რომელიც ევროპარლამენტის მიერ განსაზღვრული ახალი წესების შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე დამატებით მოსაკრებელს დააწესებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system