თავში

რა დააზღვევს ლარის კურსს - თურნავას განმარტება

რა დააზღვევს ლარის კურსს - თურნავას განმარტება
რა დააზღვევს ლარის კურსს - თურნავას განმარტება

"ლარის კურსის შემდგომი რყევებისგან დააზღვევა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი განმარტებით, ლარს ტურიზმის აღდგენაც "უშველის", რადგან ტურიზმის ამოქმედება ქვეყანაში დამატებით ვალუტას შემოიტანს.

„პირველ რიგში, რაც ლარის კურსის შემდგომ რყევებს დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძირითადი შეზღუდვები პრაქტიკულად მოვხსენით, რათა ტურიზმი აღდგეს, მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც მესამე ტალღასთან დაკავშირებული გართულებების პრევენცია იქნება. ტურიზმი ქვეყანას დამატებით სავალუტო შემონატანს მოუტანს. ჩვენ ახლა ვმსჯელობთ, თუ რა პირობით შევძლოთ და სახმელეთო საზღვრებიც გავხსნათ. ესეც იქნება კარგი შემომატება ჩვენს საფინანსო ბაზარზე. ზოგადად, თუნდაც ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარებაც მნიშვნელოვანია, იმპორტი შემცირდეს, ვალუტა ქვეყნიდან არ გაედინებოდეს და ქვეყანაში რჩებოდეს. ეს არის ძირითადი ნაბიჯები“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ლარის კურსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია კარგი კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და ისინი ამას აკეთებენ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3718 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.9733 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9545 ლარი ღირდა. გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 26 მარტს, დაადგინა, 27 მარტიდან ამოქმედდა და უქმეების განმავლობაში, 29 მარტის საღამოს 17:00 საათამდე, იქნება ვალიდური. საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3686 ლარად ივაჭრება.

ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს.

ეროვნული ბანკი ინარჩუნებს ლარის მცურავი კურსის პოლიტიკას.

ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავდა, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოს, როგორც მცირე და ღია ეკონომიკას, სურს აქტიური მონეტარული პოლიტიკა და ამისთვის ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. მისივე თქმით, ქვეყანაში კაპიტალის თავისუფალი მობილობისთვის კი მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციების უმთავრესი მიზანი, როგორც წესი, ლარის კურსის დასტაბილურებაა. სპეციალისტების განმარტებით, ლარს პრობლემას უქმნის ქვეყანაში დოლარის შემოდინების კლება. დოლარი კი ძირითადად შემოდის ექსპორტით, ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით და ფულადი გზვნილებით. წლების მანძილზე საქართველოს მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო. ტურიზმი კი პანდემიის შედეგად წელს ზარალზეა. უმნიშვნელო მატებაა ექსპორტის და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებში, რაც ტურიზმის კლებას ვერ აბალანსებს. გარდა ამისა, ქვეყანაში კვლავ მაღალია უარყოფითიო სავაჭრო ბალანსი, ანუ მეტ იმპორტს ვყიდულობთ (გადის დოლარი ქვეყნიდან), ვიდრე ექსპორტს ვყიდით (შემოდის დოლარი ქვეყანაში), თითქმის ნულს უტოლდება პირდაპირი უცხოური ინვეტიციები, რაც ჯამში ლარზე დაწოლას აძლიერებს. ქვეყანაში ჩნდება ჭარბი ლარი, დეფიციტურია დოლარი, რაც საბოლოოდ ლარს აუფასურებს.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი მხოლოდ ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

1 ოქტომბრიდან ეროვნული ბანკი ლარის კურსს ახლებურად ადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ამოქმედდა სავალუტო ვაჭრობის ახალი მექანიზმი ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა, სადაც პირველ ეტაპზე ხდება ბანკთაშორისი ვაჭრობები, ხოლო მალევე მოხდება არასაბანკო კერძო სუბიექტების ჩართვაც, რაც, სებ-ის განმარტებით, საშუალებას მისცემს მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ სავალუტო რესურსებთან. სებ-ის მტკიცებით, ეს პლატფორმა ბაზარს გახდის უფრო დივერსიფიცირებულს, კონკურენტუნარიანსა და ლიკვიდურს, თუმცა სპეციალისტებს ამ პლატფორმის მიმართ პრეტენზიები აქვთ.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზებზე, შედეგებსა და პროგნოზებზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system