თავში

სიმდიდრე, რაც გვაქვს, წყალია - ნათია თურნავა

სიმდიდრე, რაც გვაქვს, წყალია - ნათია თურნავა
სიმდიდრე, რაც გვაქვს, წყალია - ნათია თურნავა

„ყველა ქვეყანა ცდილობს, განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსი. ჩვენ არ ვართ მდიდრები ნავთობითა და საკუთარი ბუნებრივი აირით. ის სიმდიდრე, რაც გვაქვს, არის წყალი და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას.

ჰესზე მიმდინარე სამუშაოების და თავად ენგურჰესის მნიშვნელობის კომენტირებისას მინისტრმა ზოგადად ქვეყნისთვის და მისი ენერგოდამოუკიდებლობისთვის მსხვილი ჰესების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ძალიან ბევრ ევროპულ, მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს, საქართველოს მსგავსად, საკუთარი ჰიდრორესურსი გააჩნია და მას მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს.

„ეს ქვეყნებია - შვეიცარია, ავსტრია, იტალია, ნორვეგია... ესაა ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ ენერგეტიკას ჰიდროენერგეტიკაზე ამყარებს. რა თქმა უნდა, მცირე ჰესებიც მნიშვნელოვანია, მწვანეა, დასაქმებას ქმნის, მაგრამ რაც შეეხება მსხვილ ჰიდროსადგურებს, დიდ, წყალსაცავიან, ე.წ. მარეგულირებელ ჰიდროსადგურებს - მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრებათ, რადგან ეს არის შესაძლებლობა, შევინახოთ ძვირფასი ენერგეტიკული რესურსი - წყალი და გამოვიმუშაოთ არა მაშინ, როდესაც ბუნება გვაძლევს ამის საშუალებას, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენს მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველო ევროპული ენერგოსისტემის ნაწილია. თურნავა ამტკიცებს, რომ საქართველოს მცირე ენერგეტიკის - ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგიების პარალელურად, „ენგურჰესის“ მსგავსი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებიც სჭირდება, რაც მთლიანობაში იმის გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 3-4 თვეა გააქტიურდა. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system