თავში

ადვოკატი: ბრალის დამძიმებაზე საუბარი არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია

ადვოკატი: ბრალის დამძიმებაზე საუბარი არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია
ადვოკატი:  ბრალის დამძიმებაზე საუბარი არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია

"ნიკოლოზ ბასილაშვილს წარდგენილი ჰქონდა ძალადობის მუხლის მეორე ნაწილი. როდესაც დაზუსტდა ბრალი და ეს არ მომხდარა დღეს, არამედ რამდენიმე თვის წინ, მას დაუზუსტდა ეპიზოდები პირველი ნაწილით,"- ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

ირმა ჭკადუას თქმით, შესაბამისად, ბრალის დამძიმებაზე საუბარი არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. 

"დოროყაშვილი და მისი დამცველები აკეთებენ ყველაფერს, რათა ბატონ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

ქალბატონი დოროყაშვილის მხრიდან ბასილაშვილი არის ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი. ჩვენ ვიცით, რომ ორ დღეში ბატონი ბასილაშვილი ამერიკაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემპიონატის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. ჩვენ ამას დავამტკიცებთ სასამართლოში," - განაცხადა ადვოკატმა.

ირმა ჭკადუა ნელი დოროყაშვილს მოუწოდებს, რომ სამართლებრივი ვალდებულება შეასრულოს და ბასილაშვილის ოჯახის წევრებს ბავშვის ნახვის შესაძლებლობა მისცეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის ამ ეტაპზე თავისუფალია.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის მტკიცებით, სპორტსმენმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა, ხოლო ყოფილი მამამთილი გარკვეული საგნით გამოეკიდა.

დოროყაშვილის ადვოკატის მტკიცებით, ბასილაშვილი მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა. მისივე თქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ ძალადობს ბასილაშვილი 21 მაისს მომხდარი ინციდენტის დროს ყოფილ მეუღლეზე.

ბასილაშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა და ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

მოგვიანებით,ბასილაშვილმა თავად გაავრცელა განცხადება და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იმავე დღეს განცხადებები გაავრცელეს ჩოგბურთის ფედერაციამ და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. მათ ძალადობა დაგმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საზოგადოებას დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა16 ივლისს ჩაინიშნა.

ბასილაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას სახალხო დამცველი შეისწავლის.

ცნობისთვის, 9 ივნისს, საქალაქო სასამართლომ 9 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system