თავში

"გავრცელებული ინფორმაცია, ტყუილია" - პენიტენციური სამსახურის განცხადება

"გავრცელებული ინფორმაცია, ტყუილია" - პენიტენციური სამსახურის განცხადება
გავრცელებული ინფორმაცია, ტყუილია - პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი, ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.

სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გაფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.

ტყუილია, ასევე, ის ინფორმაცია,  რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში.

მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს.

აქვე განვმარტავთ, სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს. დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ფასეული ნივთების პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიანი ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი შ.წ და ზ.წ დააკავეს.

ასევე დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system