თავში

18 ობიექტის აუქციონზე სახელმწიფომ 32 030 600 ლარი მოიგო

18 ობიექტის აუქციონზე სახელმწიფომ 32 030 600 ლარი მოიგო
18 ობიექტის აუქციონზე სახელმწიფომ 32 030 600 ლარი მოიგო

ქონების ეროვნულ სააგენტოს მორიგ აუქციონზე 17-18 მაისს გამოტანილი იყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 142 ქონება, თუმცა ვაჭრობა მხოლოდ 18 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასი 34 811 500 ლარი იყო. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონებაზე ელექტრონული ვაჭრობი საბოლოო შედეგი 66 842 100 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საწყის ფასთან შედარებით, აუქციონზე სახელმწიფო ქონება 92%-ით ძვირად გაიყიდა. 18 ობიექტის აუქციონზე სახელმწიფომ 32 030 600 ლარი მოიგო. 

ნახეთ რომელი ქონება და რა ფასად გაიყიდა 17-18 მაისს აუქციონზე:

  • ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N12ა-ში არსებული 7023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 30 063 000 ლარი (საწყისი ფასი 11 448 000 ლარი)
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში არსებული 223936.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11 125 000 ლარი (საწყისი ფასი - 4 100 000 ლარი)
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 771702 კვ.მ. და 634954 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 11 035 000 ლარი ( საწყისი ფასი - 5 300 000 ლარი)
  • თბილისში, ვანის ქუჩა N1-სმიმდებარედ 11 286 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 3 905 000 ლარი (საწყისი ფასი 3 900 000 ლარი)
  • თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული 12003 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - 3 115 000 ლარი (საწყისი ფასი - 3 110 000 ლარი).
  • თბილისში, რკინიგზის სადგურ „ლილოს“ მიმდებარედ არსებული 45437.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N16 შენობა-ნაგებობები - 2 525 000 ლარი (საწყისი ფასი - 1 495 000 ლარი)
  • ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა N39ა-ს სამხრეთით მდებარე 9196 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1 750 000 ლარი (საწყისი ფასი - 1 745 000 ლარი)
  • ქუთაისში, გამსახურდიას გამზირ N84 ა-ში მდებარე 31253 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - 1 728 000 ლარი (საწყისი ფასი - 1 723 000 ლარი)
  • თბილისში, ქიზიყის ქ. N63-ში არსებული 38178 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1 702 000 ლარი (საწყისი ფასი - 1 700 000 ლარი)
  • თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, III და IV მიკრო-რაიონებს შორის არსებული 1576 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა - 634 500 ლარი (საწყისი ფასი - 322 500 ლარი)
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა - 372 000 ლარი (საწყისი ფასი 370 000 ლარი)
  • ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარაში მდებარე 19656.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - 341 000 ლარი (საწყისი ფასი - 339 000 ლარი)
  • თბილისში, მაისურაძის ქ. N1-ის მიმდებარედ არსებული 1320 კვ.მ. და 1089კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 341 000 ლარი (საწყისი ფასი - 283 000 ლარი)
  • თბილისში, დიდ ლილოში, „თეთრხევში“არსებული 3046.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - 284 000 ლარი (საწყისი ფასი - 228 000 ლარი)
  • თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე N42-ის მიმდებარედ 1850კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და ნაკვეთზე არსებული 4 ერთეული მოძრავი ქონება (ავზი) - 261 000 ლარი (საწყისი ფასი - 259 000 ლარი)
  • დაბა თიანეთში, რუსთაველის ქუჩა N6-ში მეორე სართულზე არსებული 645.88 კვ.მ. ფართი, მესამე სართულზე არსებული 645.27 კვ.მ. ფართი და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 144 500 ლარი (საწყისი ფასი - 142 500 ლარი)
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მდებარე 2376.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 64 500 ლარი (საწყისი ფასი - 16 500 ლარი)
  • დედოფლისწყაროში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 2201 კვ.მ. (1268 კვ.მ. და 933 კვ.მ.) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათზე არსებული შენობა-ნაგებობები - 31 000 ლარი (საწყისი ფასი - 30 000 ლარი).

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საინვესტიციო შეთავაზების ფარგლებში 7-18 მაისის ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასიც 39,207,800 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 72,835,800 ლარი შეადგინა. აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86%-ით გაიზარდა. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე პრივატიზებულია 160,157,033 ლარის უძრავი ქონება. მობილიზებული თანხა სააგენტოს წლიური გეგმის 70%-ს შეადგენს.

მოძრაობა "დროა" სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში კორუფციაზე საუბრობს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება და მიწები ხშირად საეჭვო ვითარებაში და კორუფციული სქემების მიხედვით გადადის კერძო მფლობელობაში. მათი მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტორო ისე ყიდის მიწებს, რომლებსაც ადგილობრივი მოქალაქეები, სხვადასხვა ყოფითი მიზნით, წლების მანძილზე მოიხმარენ, რომ არც კი ატყობინებს მათ ამის შესახებ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ტემპით კმაყოფილია. ნათია თურნავას თქმით, პრივატიზაცია დადებითი ტემპით მიდის, რაც ეკონომიკის გამოცოცხლების დასტურია. მინისტრი ამბობს, რომ პრივატიზაციაში ადგილობრივი ინვესტორები უფრო აქტიურობენ,ინტერესდებიან უცხოელი ინვესტორებიც. 58 სახელმწიფო უძრავი ქონება 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება.

პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა 58.5%-ით შესრულდა. მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ახალი ტალღა დაიწყო ბიზნესისთვის 400 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა შეთავაზებული. იზრდება ქვეყნის მასშტაბით არსებული, საინვესტიციოდ მიმზიდველი, უძრავი ქონების ნუსხა, გასაყიდი ობიექტების რუკას ემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები საერთო ჯამში წარმოდგენილია 350 000 000 მლნ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი. ასევე, იზრდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ნუსხაც. წიაღის კომპონენტს 50 სხვადასხვა ტიპის 50 00 000 ლარის საწყისი ღირებულების საბადო დაემატება, როგორიცაა პოლიმეტალები, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები და მიწისქვეშა წყლები. ახალი ობიექტებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა 60 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 780 ადამიანს. აღსანიშნავია, რომ რესურსის მოპოვებასთნ ერთად მოხდება მათი ადგილზე გადამუშავება, რაც მოზიდულ ინვესტიციასთან ერთად შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ჯამში სახელმწიფო 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს ბიზნეს სექტორს. მოსალოდნელი ინვესტიცია – 350 მილიონ ლარს შეადგენს და სულ მცირე 10 000 ადამიანი დასაქმდება.

ცნობისთვის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წელს ბიზნეს სექტორს მასშტაბური საპრივატიზებო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც შეთავაზებული იყო კომერციულად მიმზიდველი 100-ზე მეტი უძრავი ქონება და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიეღო მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გამხდარიყო სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საპრივატიზებო რუკა, სადაც დატანილი იყო სახელმწიფო აქტივების ნუსხა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში პლატფორმას 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ყავდა. დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 82 502 751 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 3 500 000 ლარის ღირებულების 47 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საბადო, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 20 000 000 ლარს აჭარბებს, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 1 086 ადამიანს შეადგენს.

წინა აუქციონზე 41 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება 60 მილიონ ლარად გაიყიდა. ეს იყო 250-ზე მეტი ობიექტი. აუქციონის პირველივე ორ კვირაში 109 ობიექტი გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების სააგენტოს მფლობელობაში ამჟამად სულ 106 საწარმო იმყოფება, ამ საწარმოების უმეტესობა მცირე ზომისაა და არაერთი მათგანი საქმიანობას არ ახორციელებს. ამ კომპანიების შერწყმა-ლიკვიდაცია უკვე არაერთი წელია, რაც მიმდინარეობს.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ცნობისთვის, საქართველოსახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას ამუშავებს. მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე, უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე. ექსპერტები მთავრობის ამ ნაბიჯსდაგვიანებულად მიიჩნევენ.

2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა.ამ დღეებშიმთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს. სწორედ სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარება და მათი რეფორმირება არის ერთ-ერთი მძლავრი არგუმენტი, რასაც მტავრობა ეყრდნობა და დაგეგმილ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასასვლელად.

სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია იწყება, რომლის ფარგლებში მთავრობა შეეცდება ყველა აქტივის რაციონალურ გამოყენებას. პარალელურად, მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალურისამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system