თავში

ნიკა მელია სასამართლოში მისი საქმის არსებით განხილვას ვერ დაესწრება - ადვოკატი

ნიკა მელია სასამართლოში მისი საქმის არსებით განხილვას ვერ დაესწრება - ადვოკატი
ნიკა მელია სასამართლოში მისი საქმის არსებით განხილვას ვერ დაესწრება - ადვოკატი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ, არ დაესწრება. ამის შესახებ მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კონდახაშვილის თქმით, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს.

მისივე განცხადებით, ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და ეს პროკორუროს მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

"სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა პროკურორის განცხადება. მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული პატიმრობა არის პოლიტიკური პატიმრობა, ეს არ არის უალტერნატივო აღკვეთის ღინისძიება და მათივე პოზიციის, აღკვეთისღონისძიების მიზნები შეიძლება შესრულდეს გირაოს ქვეშაც.

ეს კანონის ენაზე ნიშნავს, რომ მოსამართლე ვალდებულია ნიკა მელია გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრობიდან. ერთადერთი შემთხვევა, კანონის იმპრატიული მოთხოვნაა, რომ მოსამართლე როდესაც იმსჯელებს ნიკა მელიას წინააღმდეგ აღკვეთისღონისძიების განგრძობადობის საკითხზე, იგი უნდა დარწმუნდეს, არის თუ არა შეფარდებული პატიმრობა უალტერნატივო. 

გარდა იმისა, რომ ჩვენი პოზიიციით საერთოდ უნდა გაუქმდეს ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა, თვითონ პროკურატურაც აღიარებს, რომ გირაოს ქვეშაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს აღკვეთი ღონისძიების მიზნები. ანუ ნიკა მელიას გაქცევის საფრთხე არ არსებობს.

როდესაც მოსამართლე იმსჯელებს ამ საკითხზე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ის არის, რომ გააუქმოს  აღკვეთის ღონისძიება ან შეცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთისღონისძიებით. ორივე შემთხვევაში ეს გამოიწვევს ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებიდან.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, ნიკა მელიას მიმართ უნდა გაუქმდეს ყოველგვარი სახის აღკვეთისღონისძიება იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან. რაც შეეხება მის დასწრებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 6 აპრილს ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, რომ მას მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს სასამართლო პროცესზე, ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ მოხდა და მელია სასამართლო სხდომას არ დაესწრება",- განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში იწყება. შეუცვლის თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებას ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. თავად ბრალდებულს პროცესზე დასწრების უფლება არ აქვს.

საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომლის გადაწყვეტილებითაც, მიმდინარე წლის 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გირაოს გადახდაზე უარის თქმის გამო მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებდა და თუ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდიდა, ეს იქნებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 16 თებერვალს ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მას პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე, კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

პროცესზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილისაცილება მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელიას პატიმრობა შეუფარდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დღით გადადო.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

ნიკა მელია ამჟამად რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system