თავში

ენერგეტიკული ბირჟის გადავადების მიზეზს პარლამენტი განიხილავს

ენერგეტიკული ბირჟის გადავადების მიზეზს პარლამენტი განიხილავს
ენერგეტიკული ბირჟის გადავადების მიზეზს პარლამენტი განიხილავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიესალმება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის ირინა მილორავას დადებით გამოხმაურებას, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დადგენისათვის საპარლამენტო მოსმენის დანიშვნის თაობაზე.

„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ველით, ენერგეტიკული ბირჟის რეფორმის დათქმულ ვადაში ვერ დაწყების მიზეზების გარკვევის მიზნით, საპარლამენტო განხილვის დანიშვნას. პირველი შედეგი, მიგვაჩნია, რომ მიღწეულია, რამდენადაც ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა საჯარო გამოსვლისას დასთანხმდა საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობას. ეს ფაქტი იმედს გვაძლევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფორმატში დისკუსია მოეწყობა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის მიმდინარეობის შეფერხების მიზეზების თაობაზე, როგორიც ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმაა. იმედი გვაქვს, რომ როგორც ენერგეტიკული ბირჟა, ისე მისი დამფუძნებელი სახელმწიფო კომპანიები ესკო (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) და სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების განსახილველად მოსმენის მოწყობის თხოვნით." - განმარტავენ ორგანიზაციაში.

აფბას მიაჩნია, რომ სადღეისოდ, ენერგეტიკა არის ქვეყნის ეკონომიკის უმთავრესი დარგი. 

"სწორედ აქედან გამომდინარეობს ორგანიზაციის აქტივობები, რაც უკავშირდება ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას. მიგვაჩნია, რომ თუ არ იქნება სწორი და სწრაფი განვითარება ენერგეტიკაში, არ იქნება არც ეკონომიკური განვითარება, რაც საფრთხეს და რისკებს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და დემოკრატიზაციის პროცესს. ფაქტია, ეკონომიკის სამინისტროს სწორად და მართებულად აქვს განსაზღვრული ენერგეტიკის განვითარების პოლიტიკა, როცა მხარს უჭერს ენერგობაზრის გახსნას, მის ლიბერალიზაციას და ამ გზით ჰარმონიზაციასა და დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან და სტრუქტურებთან. აფბას მიაჩნია, რომ სწორად განსაზღვრულ პოლიტიკას აუცილებლად ესაჭიროება ასევე სწორად, დროში ცდომილებების გარეშე გათვლილად, კორუფციული რისკების მინიმიზებით, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან გულწრფელი და ხარისხიანი კომუნიკაციით, საჭირო და სავალდებულო რეფორმების განხორციელება. ამ საქმეში კი, ანუ რეფორმების და ინიციატივების მენეჯმენტში, არსებობს კითხვები, რომელთაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და რომლებზე არადამაკმაყოფილებელი პასუხების შემთხვევაშიც, ადგილებზე მენეჯმენტის განმახორციელებელმა პირებმა მათი წილი პასუხისმგებლობა კონკრეტული ადმინისტრაციული მოქმედებებით უნდა იკისრონ. აფბას მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ ფორმატით მუშაობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ნებისმიერი რეფორმის, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული რეფორმის, სწორად და სწრაფად განხორციელება“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით გადაიდო. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის, ირინა მილორავას, განმარტებით, რეფორმის მიმდინარეობაში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო კონსულტანტები, რომლებიც მთელ ამ პროცესს აკვირდებიან.

ენერგეტიკული რეფორმის ჩავარდნაზე გუშინ "აფბამ" განაცხადა და გუშინვე ეჭვქვეშ დააყენა 1 ივნისს სენბ-ის ამოქმედება, თუმცა ორგანიზაციას ეკონომიკის სამინისტროდან უპასუხეს, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის რეფორმა, რომლის ამოცანა სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესებაა, წარმატებით მიმდინარეობს. და, ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით, ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე. კიდევ უფრო მანამდე კი ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა ამბობდა, რომ ყველაფერი კეთდება ბირჟის 1-ლი ივლისიდან სრულად ამოქმედებისთვის, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად იქნებიან თავად კომპანიებიც. ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ნაწილის განმარტებით, პლატფორმაზე ვაჭრობისთვის მზად არაა და კომპანიების ნაწილი რეფორმის დროებით გადავადებას ითხოვენ.

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ფარგლებში, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება წელს 1-ლი ივლისიდან იყო დაგეგმილი.

სპეციალისტების ნაწილი ბირჟის ამოქმედებაში რისკებსაც ხედავს. მათი თქმით, ბაზრის სიმწირიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგ, პირველი რამდენიმე თვის, ან თუნდაც 1-2 წლის განმავლობაში იყოს, ასე ვთქვათ, არასამართლიანი და სპეკულატიური ფასის ჩამოყალიბების მცდელობები.ენერგეტიკოსების ახსნით, ამჟამად ჩვენს კალათაში დიდია იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, მიწოდება იმდენი არ გვაქვს, რამდენიც მოთხოვნა არის და სწორედ ამ გარემოებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეულწილად სპეკულატიური რისკები, რასაც, სპეციალისტების რეკომენდაციით, გამართული მენეჯმენტი სჭირდება. მათივე მტკიცებით, ბირჟის ამოქმედება, მისი ოპერირება და მონიტორინგი დღეს მთავარი გამოწვევაა.

საერთო ჯამში ბიზნესი ელექტროენერგეტიკის რეფორმას იწონებს.

საქართველო ევრო დირექტივების და ენერგო გაერთიანებების დირექტივების შესაბამისად, უკვე ატარებს ლიბერალურ ბაზარზე გადასვლის პოლიტიკას. შესაბამისად, ბირჟის ამოქმედება და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ბაზარზე ჩამოყალიბდება, ერთი მხრივ, სამართლიანი ფასები, რომელიც იქნება დაფუძნებული მოთხოვნა-მიწოდების მოდელზე, ხოლო, მეორე მხრივ, გენერაციის ობიექტებს მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთვის სასარგებლო და მისაღებ ფასებში გაყიდონ ის ელექტროენერგია, რომელსაც ისინი გამოიმუშავებენ.

ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამუშავდება. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.

კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაის სავაჭრო პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირების შესაძლებლობა 15 სექტემბრიდან აქვთ. ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

როგორც ცნობილია, მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის ზრდაში გერმანია დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განმარტა, რომ ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.

რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის, რამდენად სწორია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, როგორ უახლოვდება ქართული ენერგობაზარი ევროპულს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოს ენერგეტიკის შესახებ, გაიგეთ report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system