თავში

საპრივატიზაციო საწარმოები მეტ ფასდაკლებას ითხოვს - ექსპერტი

საპრივატიზაციო საწარმოები მეტ ფასდაკლებას ითხოვს - ექსპერტი
საპრივატიზაციო საწარმოები მეტ ფასდაკლებას ითხოვს - ექსპერტი

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაიას ფიქრობს, რომ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პროგრამის ფარგლებში გასაყიდად გამოტანილი საწარმოები შესაძლოა, ცოტა მეტ ფასდაკლებასაც ითხოვდეს, თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ ეს ნეგატიურად არ უნდა იყოს აღქმული. მთლიანობაში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პროგრამას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მისგან გარკვეული შემოსავალი უკვე მიიღო.

„პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესის კეთება და აქ ფულის ჩადება საკმაოდ რთული საკითხია. რომ არ იყოს პანდემიური პერიოდი შესაძლოა, სხვა რეალობა დადგეს. მითუმეტეს, რომ ადგილობრივ ინვესტორებზე გამიზნული საწარმოები იქნება ეს თუ მიწები. შესაძლოა, ცოტა მეტ ფასდაკლებასაც ითხოვდეს. არ უნდა შევხედოთ ამას, როგორც ნეგატიურ მოვლენას პირიქით, თუ სახელმწიფოს ბალანსზე რაღაც ობიექტი არის უძრავად, უმოქმედოდ და ვინმეს ნახევარ ფასად შეუძლია იყიდოს, ვიდრე საბაზროდ ღირდეს, დაასაქმოს ადამიანები, გადაიხადოს გადასახადები, შექმნას ადგილობრივი პროდუქტი და ამით იმპორტი შეამციროს. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით პანდემიურ ფონზე, შეიძლება მივიჩნიოთ მაღალ ფასად. ბიზნესმენს საბაზრო ფასზე, ყოველთვის იაფად სურს შეძენა.

სურვილი, რომ უფრო იაფად გაიყიდოს ბიზნესის მხრიდან, რა თქმა უნდა, გასაგებია. თუმცა, მეორე მხარეს სახელმწიფო ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელმაც გარკვეული შემოსავალი უნდა მიიღოს. ორივე ინტერესი უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ფინანსურად ვერ მოიგოს კონკრეტული ობიექტის გაყიდვისას, მაგრამ მოიგოს იმით, რომ შეამციროს უმუშევრობა და გაზარდოს წარმოება. თუ რომელიმე ობიექტები არ იყიდება, არსებობს პროცედურები, რომ მეორეჯერ გარკვეული ფასდაკლებით გამოვიდეს ტენდერზე",- ამბობს ექსპერტი.

ცნობისთვის, 17 მაისს 9 სახელმწიფო საწარმოდან, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდდა, მხოლოდ ერთი გაიყიდა. საუბარია შპს „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49%-იან წილზე, რომელიც აუქციონზე 21 000 ლარად გაიყიდა.

ქონების ეროვნულ სააგენტოს მორიგ აუქციონზე 17-18 მაისს გამოტანილი იყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 142 ქონება, თუმცა ვაჭრობა მხოლოდ 18 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასი 34 811 500 ლარი იყო. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონებაზე ელექტრონული ვაჭრობი საბოლოო შედეგი 66 842 100 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საწყის ფასთან შედარებით, აუქციონზე სახელმწიფო ქონება 92%-ით ძვირად გაიყიდა. 18 ობიექტის აუქციონზე სახელმწიფომ 32 030 600 ლარი მოიგო. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საინვესტიციო შეთავაზების ფარგლებში 7-18 მაისის ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასიც 39,207,800 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 72,835,800 ლარი შეადგინა. აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86%-ით გაიზარდა. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე პრივატიზებულია 160,157,033 ლარის უძრავი ქონება. მობილიზებული თანხა სააგენტოს წლიური გეგმის 70%-ს შეადგენს.

მოძრაობა "დროა" სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში კორუფციაზე საუბრობს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება და მიწები ხშირად საეჭვო ვითარებაში და კორუფციული სქემების მიხედვით გადადის კერძო მფლობელობაში. მათი მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტორო ისე ყიდის მიწებს, რომლებსაც ადგილობრივი მოქალაქეები, სხვადასხვა ყოფითი მიზნით, წლების მანძილზე მოიხმარენ, რომ არც კი ატყობინებს მათ ამის შესახებ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ტემპით კმაყოფილია. ნათია თურნავას თქმით, პრივატიზაცია დადებითი ტემპით მიდის, რაც ეკონომიკის გამოცოცხლების დასტურია. მინისტრი ამბობს, რომ პრივატიზაციაში ადგილობრივი ინვესტორები უფრო აქტიურობენ,ინტერესდებიან უცხოელი ინვესტორებიც. 58 სახელმწიფო უძრავი ქონება 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება.

პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა 58.5%-ით შესრულდა. მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ახალი ტალღა დაიწყო ბიზნესისთვის 400 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა შეთავაზებული. იზრდება ქვეყნის მასშტაბით არსებული, საინვესტიციოდ მიმზიდველი, უძრავი ქონების ნუსხა, გასაყიდი ობიექტების რუკას ემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები საერთო ჯამში წარმოდგენილია 350 000 000 მლნ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი. ასევე, იზრდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ნუსხაც. წიაღის კომპონენტს 50 სხვადასხვა ტიპის 50 00 000 ლარის საწყისი ღირებულების საბადო დაემატება, როგორიცაა პოლიმეტალები, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები და მიწისქვეშა წყლები. ახალი ობიექტებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა 60 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 780 ადამიანს. აღსანიშნავია, რომ რესურსის მოპოვებასთნ ერთად მოხდება მათი ადგილზე გადამუშავება, რაც მოზიდულ ინვესტიციასთან ერთად შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ჯამში სახელმწიფო 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს ბიზნეს სექტორს. მოსალოდნელი ინვესტიცია – 350 მილიონ ლარს შეადგენს და სულ მცირე 10 000 ადამიანი დასაქმდება.

ცნობისთვის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წელს ბიზნეს სექტორს მასშტაბური საპრივატიზებო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც შეთავაზებული იყო კომერციულად მიმზიდველი 100-ზე მეტი უძრავი ქონება და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიეღო მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გამხდარიყო სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საპრივატიზებო რუკა, სადაც დატანილი იყო სახელმწიფო აქტივების ნუსხა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში პლატფორმას 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ყავდა. დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 82 502 751 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 3 500 000 ლარის ღირებულების 47 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საბადო, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 20 000 000 ლარს აჭარბებს, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 1 086 ადამიანს შეადგენს.

წინა აუქციონზე 41 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება 60 მილიონ ლარად გაიყიდა. ეს იყო 250-ზე მეტი ობიექტი. აუქციონის პირველივე ორ კვირაში 109 ობიექტი გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების სააგენტოს მფლობელობაში ამჟამად სულ 106 საწარმო იმყოფება, ამ საწარმოების უმეტესობა მცირე ზომისაა და არაერთი მათგანი საქმიანობას არ ახორციელებს. ამ კომპანიების შერწყმა-ლიკვიდაცია უკვე არაერთი წელია, რაც მიმდინარეობს.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ცნობისთვის, საქართველოსახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას ამუშავებს. მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე, უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე. ექსპერტები მთავრობის ამ ნაბიჯსდაგვიანებულად მიიჩნევენ.

2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა.ამ დღეებშიმთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს. სწორედ სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარება და მათი რეფორმირება არის ერთ-ერთი მძლავრი არგუმენტი, რასაც მტავრობა ეყრდნობა და დაგეგმილ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასასვლელად.

სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია იწყება, რომლის ფარგლებში მთავრობა შეეცდება ყველა აქტივის რაციონალურ გამოყენებას. პარალელურად, მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალურისამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system