თავში

ბოლო 5 დღეში ლარი დოლართან 7 თეთრით გამყარდა

ბოლო 5 დღეში ლარი დოლართან 7 თეთრით გამყარდა
ბოლო 5 დღეში ლარი დოლართან 7 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში ლარი 7 თეთრით გამყარდა. ამის მიზეზად  საქართველოს ეკონომიკაში გაცენილი დადებითი მოლოდინების სახელდება. 

"საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტრენდი და ტენდენციები მყარდება. ეს დასტურდება მრავალი ინდიკატორით, მათ შორის ლარის კურსის მყისიერი გამყარებით," - ასე ფიქრობს ექსპერტი სოსო არჩვაძე, რომელიც საკუთარ მოსაზრებას Facebook-ზე წერს. ექსპერტი ლარის გამყარების სამ მიზეზს ასახელებს:

" ჯერ ერთი, ეკონომიკური ზრდის ტემპი წლევანდელი წლის ყოველ განვლილ თვეში გაცილებით უკეთესი იყო და არსებობს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება;

მეორე, საქართველოს ექსპორტის ზრდის საარაკოდ მაღალი ტემპი დააფიქსირა, თანაც ადგილობრივმა ექსპორტმა 2021 წლის აპრილში ისტორიულ მაქსიმუმს - 277.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა რეკორდულ, 2020 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 13.1 პროცენტით აღემატება.

მესამე, პოზიტიურ მოლოდინებს აძლიერებს ანტიკოვიდური ვაქცინაციის პროცესის გაძლიერება და ეკონომიკის მთელი რიგი მიმართულებებით შეზღუდვების მოხსნა და შესუსტება, რაც ცალსახად ზრდის ეკონომიკური აქტიურობის პროცესს და ქვეყანაში მეტი დამატებული ღირებულების შექმნის პერსპექტივას.

აღნიშნული პოზიტიური შედეგები ადეკვატურად აისახება ბოლო პერიოდში ეროვნულ ვალუტის სერიოზულ გამყარებაში, რაც ასევე ადასტურებს ქვეყნის საქმიანი წრეებისა და მოსახლეობის ნდობის ზრდასაც ეკონომიკის პოზიტიური განვითარების პერსპექტივებისადმი და ნდობის გამყარებას ეროვნული ვალუტისადმი.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებს, ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ამის მკაფიო მაგალითებს წარმოადგენენ მსოფლიო ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის 85 მლნ. ევროს გამოყოფისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება საქართველოსათვის 67 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე“, - განაცხადა არჩვაძემ.

ლარი გამყარდა დღესაც.  დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3056 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა 4.0414 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3055 ლარად ივაჭრება.

ლარის კურსის გამყარებას ეკონომიკის გააქტიურება-აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილიც. მინისტრის განმარტებით, ბოლო დროს პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით და, ხუციშილის მტკიცებით, ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია სწორედ იმ მოლოდინთან, რაც არსებობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურიზმის სექტორთან მიმართებაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებაში.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ლარის კურსი დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს სტაბილურობას, სანამ ეკონომიკაში აქტიურობა მეტნაკლებად გაიზრდება. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას აზრით, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, გაძლიერდება ლარზე წნეხი, რაც სავარაუდოდ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევს. შენგელია ვარაუდობს, რომ კურსი, შესაძლოა, 3,35-3,36 დიაპაზონში შენარჩუნდეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ლარის კურსისი დასასტაბილურებლად, ეროვნულმა ბანკმა აპრილში სავალუტო აუქციონზე 82.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, ინფორმაციით, სებ-მა წელს ინტერვენციების სახით უკვე 250 მლნ დოლარი გაყიდა, გასულ წელს კი 916 მლნ დოლარი შეუშვა შიდასავალუტო ბაზარზე. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის ამოცანა არაა ლარის კურსის მართვა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, შეფასებით, ინტერვენციები ლარის კურსს აზღვევს. სტაბილური ლარი კი, თურნავას თქმით, ეკონომიკის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველი და ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ლარმა ახალი ანტი-რეკორდი დაამყარა.

ლარის მცურავ კურსს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (სსფ-ი) იწონებს. სებ-ი ინარჩუნებს ლარის მცურავი კურსის პოლიტიკას. როგორ და რატომ "ცურავს" ლარი, ნახეთ აქ.

წელს რეგიოინში ყველაზე უფრო ლარი და ლირა გაუფასურდა. ინვესტიციების მოზიდვის უმთავრეს პრობლემად ლარის გაცვლითი კურსი სახელდება. ზოგადად, ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ლარის არამყარი კურსია, ხოლო მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს., ანალიტიკოსები კი ლარის გაუფასურებას წელსაც ელიან.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებენ.

ეროვნული ბანკი (სებ) სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს.

ლარის გასამყარებლად მთავრობას პრივატიზაციის იმედი აქვს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია". მინისტრის მტკიცებით, ერთადერთი, რაც ლარის კურსს შემდგომი რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system