თავში

ეროვნული ბანკის ამოცანა არაა ლარის კურსის მართვა - გვენეტაძე

ეროვნული ბანკის ამოცანა არაა ლარის კურსის მართვა - გვენეტაძე
ეროვნული ბანკის ამოცანა არაა ლარის კურსის მართვა - გვენეტაძე

„ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის და ვერ იქნება ლარის გაცვლითი კურსის მართვა, არც ამერიკული დოლარის და არც რომელიმე სხვა ვალუტის მიმართ. საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისთვის უალტერნატივოა," - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კითხვას, ლარის კურსის გამყარებისა და მართვის რა გეგმა აქვს ეროვნულ ბანკს.  კობა გვენეტაძის განმარტებით, იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი და დიდი საერთაშორისო რეზერვები აქვთ, კურსის დაფიქსირება დოლართან ან ევროსთან მიმართებით ძალიან ხარჯიანი და საფრთხის შემცველია. 

"ამას ბევრი მაგალითი მოწმობს. აქედან გამომდინარე, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია და აღნიშნული რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებასთან ერთად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ისეთ ცვლილებას მოიაზრებს, რომელიც საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი ნიშნულისკენ სვლას განაპირობებს და ამით მიღწეული იქნას ფასების სტაბილურობა. რაც შეეხება გაცვლით კურსს, იმ ძალიან დიდი გამოწვევებისა და ფინანსური შემოდინებების დანაკლისის გამო, შეუძლებელი იყო, რომ კურსის კორექტირება არ მომხდარიყო. თუ გეგმაზე ვისაუბრებთ, თუ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ამაზე იმუშავებს, ეროვნული ბანკი შეუერთდება ამ ჯგუფს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან, ასე რომ, ეს მუშაობა მიმდინარეა. ლარის გაცვლითი კრუსის მართვის გეგმას რაც შეეხება, მე ასე ჩამოვაყალიბებდი - ეს არის ვაქცინაციის წარმართვა და ტემპის დაჩქარება, წესების დაცვა, რასაც მოსალოდნელია, რომ ტურისტების ზრდა მოჰყვეს და ეს შეანელებს დაწოლას გაცვლით კურსზე; ბიუჯეტის დეფიციტი თავის ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს; რაც შეეხება ეროვნული ბანკის მხარეს, წელს ინტერვენციების სახით ჩვენ უკვე - 250 მლნ დოლარი, გასულ წელს კი 916 მლნ დოლარი გავყიდეთ, რაც საკმაოდ დიდი თანხებია და რეზერვების დაგროვებისა და ქვეყნის მიერ გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკით მიღებული დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მნიშვნელოვანია ასევე ადეკვატური ნაბიჯების მიღება, რომელიც თუნდაც დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებით მივიღეთ. საბანკო-ფინანსურ სექტორის ნაწილშიც ძალიან ბევრი ზომა მივიღეთ და კიდევ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ნაბიჯები. ეს ფაქტორების ერთობლიობაში გაცვლით კურსზე წნეხს ამცირებს. ამავე დროს სხვა თანაბარ პირობებში პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.

ლარმა ახალი ანტი-რეკორდი დაამყარა

ლარის მცურავ კურსს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (სსფ-ი) იწონებს. სებ-ი ინარჩუნებს ლარის მცურავი კურსის პოლიტიკას. როგორ და რატომ "ცურავს" ლარი, ნახეთ აქ. 

წელს რეგიოინში ყველაზე უფრო ლარი და ლირა გაუფასურდა. ინვესტიციების მოზიდვის უმთავრეს პრობლემად ლარის გაცვლითი კურსი სახელდება. ზოგადად, ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ლარის არამყარი კურსია, ხოლო მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს., ანალიტიკოსები კი ლარის გაუფასურებას წელსაც ელიან.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებენ.

ეროვნული ბანკი (სებ) სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს.

ლარის გასამყარებლად მთავრობას პრივატიზაციის იმედი აქვს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია". მინისტრის მტკიცებით, ერთადერთი, რაც ლარის კურსს შემდგომი რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავდა, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოს, როგორც მცირე და ღია ეკონომიკას, სურს აქტიური მონეტარული პოლიტიკა და ამისთვის ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. მისივე თქმით, ქვეყანაში კაპიტალის თავისუფალი მობილობისთვის კი მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციების უმთავრესი მიზანი, როგორც წესი, ლარის კურსის დასტაბილურებაა. სპეციალისტების განმარტებით, ლარს პრობლემას უქმნის ქვეყანაში დოლარის შემოდინების კლება. დოლარი კი ძირითადად შემოდის ექსპორტით, ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით და ფულადი გზვნილებით. წლების მანძილზე საქართველოს მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო. ტურიზმი კი პანდემიის შედეგად წელს ზარალზეა. უმნიშვნელო მატებაა ექსპორტის და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებში, რაც ტურიზმის კლებას ვერ აბალანსებს. გარდა ამისა, ქვეყანაში კვლავ მაღალია უარყოფითიო სავაჭრო ბალანსი, ანუ მეტ იმპორტს ვყიდულობთ (გადის დოლარი ქვეყნიდან), ვიდრე ექსპორტს ვყიდით (შემოდის დოლარი ქვეყანაში), თითქმის ნულს უტოლდება პირდაპირი უცხოური ინვეტიციები, რაც ჯამში ლარზე დაწოლას აძლიერებს. ქვეყანაში ჩნდება ჭარბი ლარი, დეფიციტურია დოლარი, რაც საბოლოოდ ლარს აუფასურებს.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი მხოლოდ ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

1 ოქტომბრიდან ეროვნული ბანკი ლარის კურსს ახლებურად ადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ამოქმედდა სავალუტო ვაჭრობის ახალი მექანიზმი ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა, სადაც პირველ ეტაპზე ხდება ბანკთაშორისი ვაჭრობები, ხოლო მალევე მოხდება არასაბანკო კერძო სუბიექტების ჩართვაც, რაც, სებ-ის განმარტებით, საშუალებას მისცემს მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ სავალუტო რესურსებთან. სებ-ის მტკიცებით, ეს პლატფორმა ბაზარს გახდის უფრო დივერსიფიცირებულს, კონკურენტუნარიანსა და ლიკვიდურს, თუმცა სპეციალისტებს ამ პლატფორმის მიმართ პრეტენზიები აქვთ.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზებზე, შედეგებსა და პროგნოზებზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system