თავში

ელექტროენერგიის მოხმარება 5.1%-ით გაიზარდა

ელექტროენერგიის მოხმარება 5.1%-ით გაიზარდა
ელექტროენერგიის მოხმარება 5.1%-ით გაიზარდა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5.1%-ით გაიზარდა. 

2021 წლის 4 თვის განმავლობაში ადგილობრივ ეკონომიკას 4.5 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიეწოდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 220 მილიონი კილოვატ საათით მეტია.

ელექტროენერგიის მოხმარება ეკონომიკურ აქტივობასთან პირდაპირ კორელაციაშია. 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა, ეკონომიკური ვარდნა კი 6.2% იყო. 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარების 5.1%-იანი ზრდა ეკონომიკურ აღდგენაზე მეტყველებს.

ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგიის მომხმარებლები დენს სადისტრიბუციო კომპანიებიდან ყიდულობენ. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-აპრილში “თელასის” აბონენტებმა 930 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, “ენერგო-პროს” აბონენტების მოხმარებამ კი 1.49 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.

ქვეყანაში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანია ელექტროენერგიას სადისტრიბუციო კომპანიების გვერდის ავლით ყიდულობს. პირდაპირი მომხმარებლების მიერ 2021 წლის იანვარ-აპრილში მოხმარებული ელექტროენერგია 931 მილიონი კილოვატ საათი იყო. ეს 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია.

ელექტროენერგიის კონკურენტული ტარიფის დადგენის ერთ-ერთ პირობად ითვლებოიდა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რომელიც 6 თვით გადაიდო.  ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის ზაფხულიდან, 1 ივნისიდან უნდა  ამუშავებულიყო. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. 

ცნობისთვის, ენერგეტიკული რეფორმის ჩავარდნაზე 2 დღის წინ "აფბამ" განაცხადა და  ეჭვქვეშ დააყენა 1 ივნისს სენბ-ის ამოქმედება, თუმცა ორგანიზაციას ეკონომიკის სამინისტროდან უპასუხეს, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის რეფორმა, რომლის ამოცანა სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესებაა, წარმატებით მიმდინარეობს. და, ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით, ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე. კიდევ უფრო მანამდე კი ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა ამბობდა, რომ ყველაფერი კეთდება ბირჟის 1-ლი ივლისიდან სრულად ამოქმედებისთვის, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად იქნებიან თავად კომპანიებიც. ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ნაწილის განმარტებით, პლატფორმაზე ვაჭრობისთვის მზად არაა და კომპანიების ნაწილი რეფორმის დროებით გადავადებას ითხოვენ.

სპეციალისტების ნაწილი ბირჟის ამოქმედებაში რისკებსაც ხედავს. მათი თქმით, ბაზრის სიმწირიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგ, პირველი რამდენიმე თვის, ან თუნდაც 1-2 წლის განმავლობაში იყოს, ასე ვთქვათ, არასამართლიანი და სპეკულატიური ფასის ჩამოყალიბების მცდელობები.ენერგეტიკოსების ახსნით, ამჟამად ჩვენს კალათაში დიდია იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, მიწოდება იმდენი არ გვაქვს, რამდენიც მოთხოვნა არის და სწორედ ამ გარემოებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეულწილად სპეკულატიური რისკები, რასაც, სპეციალისტების რეკომენდაციით, გამართული მენეჯმენტი სჭირდება. მათივე მტკიცებით, ბირჟის ამოქმედება, მისი ოპერირება და მონიტორინგი დღეს მთავარი გამოწვევაა.

საერთო ჯამში ბიზნესი ელექტროენერგეტიკის რეფორმას იწონებს.

კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაის სავაჭრო პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირების შესაძლებლობა 2020 წლის 15 სექტემბრიდან აქვთ. ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის ზრდაში გერმანია დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განმარტა, რომ ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტრო და ინტერნეტკაბელი გავა, რითაც საქართველო ევროპის ენერგოსისტემას დაუკავშირდება. 

რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის, რამდენად სწორია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, როგორ უახლოვდება ქართული ენერგობაზარი ევროპულს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოს ენერგეტიკის შესახებ, გაიგეთ report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system