თავში

ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია - გვენეტაძე

ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია - გვენეტაძე
ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია - გვენეტაძე

„კურსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია," - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, თუმცა ქვეყნის პირველი ბანკირი ამბობს, რომ ფასების ზრდა ყველა ქვეყანაში შეინიშნება.

"რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, არამარტო ჩვენ, არამედ მთლიანად მსოფლიო კოვიდპანდემიის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით და ძალიან დიდია ამ შემთხვევაში გაურკვევლობის ფაქტორი. ძალიან ხშირად იცვლება სიტუაცია. დღეს, რაც მოქმედებს საქართველოში ლარის გაცვლით კურსზე, ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც დავკარგეთ ტურიზმის შემოსავლებიდან. ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 2019 წელსაც გვქონდა შოკი. მხოლოდ საქართველოს ჰქონდა ეს შოკი ფრენების აკრძალვის გამო და ამან გაცვლით კურსზე იმოქმედა და შემდეგ ინფლაციაზე აისახა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორში მოხდა ძალიან დიდი გაუფასურება, რაც ასევე გავლენას ახდენს კურსთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, მაგრამ თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებსაც, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება ფასების ზრდა და ეს ბუნებრივი გაგრძელებაა იმის, რომ ქვეყნებში არის შეზღუდვები და დამატებითი ხარჯების გადაცემა ხდება ზუსტად ფასებში. ამავე დროს, საქარველოში ჯერ კიდევ არის მაღალი დოლარიზაცია და აქედან გამომდინარე, კურსის გაუფასურების გამო, ეს ხარჯები უკვე ფასებშია გადაცემული“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ლარის კურსის დასტაბილურებაზე ეროვნული ბანკი, ბიზნნესი და მთავრობა იმსჯელებს.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებენ.

ლარის გასამყარებლად მთავრობას პრივატიზაციის იმედი აქვს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია". მინისტრის მტკიცებით, ერთადერთი, რაც ლარის კურსს შემდგომი რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

ცნობისთვის, გუშინ ლარი კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს.

ეროვნული ბანკი ინარჩუნებს ლარის მცურავი კურსის პოლიტიკას.

ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავდა, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოს, როგორც მცირე და ღია ეკონომიკას, სურს აქტიური მონეტარული პოლიტიკა და ამისთვის ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. მისივე თქმით, ქვეყანაში კაპიტალის თავისუფალი მობილობისთვის კი მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციების უმთავრესი მიზანი, როგორც წესი, ლარის კურსის დასტაბილურებაა. სპეციალისტების განმარტებით, ლარს პრობლემას უქმნის ქვეყანაში დოლარის შემოდინების კლება. დოლარი კი ძირითადად შემოდის ექსპორტით, ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით და ფულადი გზვნილებით. წლების მანძილზე საქართველოს მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო. ტურიზმი კი პანდემიის შედეგად წელს ზარალზეა. უმნიშვნელო მატებაა ექსპორტის და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებში, რაც ტურიზმის კლებას ვერ აბალანსებს. გარდა ამისა, ქვეყანაში კვლავ მაღალია უარყოფითიო სავაჭრო ბალანსი, ანუ მეტ იმპორტს ვყიდულობთ (გადის დოლარი ქვეყნიდან), ვიდრე ექსპორტს ვყიდით (შემოდის დოლარი ქვეყანაში), თითქმის ნულს უტოლდება პირდაპირი უცხოური ინვეტიციები, რაც ჯამში ლარზე დაწოლას აძლიერებს. ქვეყანაში ჩნდება ჭარბი ლარი, დეფიციტურია დოლარი, რაც საბოლოოდ ლარს აუფასურებს.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი მხოლოდ ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

1 ოქტომბრიდან ეროვნული ბანკი ლარის კურსს ახლებურად ადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ამოქმედდა სავალუტო ვაჭრობის ახალი მექანიზმი ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა, სადაც პირველ ეტაპზე ხდება ბანკთაშორისი ვაჭრობები, ხოლო მალევე მოხდება არასაბანკო კერძო სუბიექტების ჩართვაც, რაც, სებ-ის განმარტებით, საშუალებას მისცემს მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ სავალუტო რესურსებთან. სებ-ის მტკიცებით, ეს პლატფორმა ბაზარს გახდის უფრო დივერსიფიცირებულს, კონკურენტუნარიანსა და ლიკვიდურს, თუმცა სპეციალისტებს ამ პლატფორმის მიმართ პრეტენზიები აქვთ.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზებზე, შედეგებსა და პროგნოზებზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system