თავში

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვაზე უარი თქვა

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვაზე უარი თქვა
ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვაზე უარი თქვა

ფრაქცია "ნაციონალური მორაობა" 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუმარტა. მისი თქმით, 2021 წლის ბიუჯეტით ქვეყანა სიღატაკისთვის არის განწირული. 

„ქართული ოცნების” ყველა დაპირებას ბიუჯეტი ამხელს, რომელიც დამყარებულია კონკრეტულ რიცხვებზე, ხოლო ეს რიცხვები ღაღადებენ ერთ რამეს, რომ ამ ბიუჯეტის მქონე ქვეყანა იქნება მუდმივ სიღატაკეში, იქნება მუდმივი ფასების ზრდა, ჩამოშილი ლარი და ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდება "ქართულ ოცნებას" და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს. ეს ბიუჯეტი არ იქნება მომავალი წლისთვის, შეიცვლება ხელისუფლება, ახალი ბიუჯეტი იქნება, ის ბიუჯეტი, რომელიც იქნება ხალხის საკეთილდღეოდ მიმართული და რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას დაამყარებს ერთხელ და სამუდამოდ. ამ ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს, ბიუჯეტის შენიშვნებს 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გავაგზავნით, დღეს განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან მათი ბიუჯეტი ნახევარფაბრიკატია. მასში ჯანდაცვის ხარჯებიც კი არ არის მოცემული, ველოდებით, პანდემიასთან დაკავშირებით პროცესები როგორ განვითარდებაო, კარასტროფული მიმართულებით განვითარდა, დღეში 500 ინფიცირებული და რამდენიმე გარდაცვლილია. ნუთუ, პროგნოზის გაკეთება ძნელია, რომ პირველ რიგში, საჭირო იყო 5 მილიარდი მოხმარებოდა ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებას და ეკონომიკის ფეხზე დაყენებას? მოგებული დრო იმ პროცესების ალაგმვას უნდა მოხმარებოდა, რასაც სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, როცა ქვეყანაში ლარი ჩამოიშალა და გაიქცა ვირუსი, რეალურად, უკონტროლო ვითარებაა. მის განხილვას არავითარი აზრი არ აქვს. ეს ხელისუფლება ამ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს, იქნება სხვა, უკეთესი ბიუჯეტი. შენიშვნებს, რომელიც ამ ხელისუფლების ბიუჯეტის მხილების სარკეა, წარმოვადგენთ კომიტეტზე“,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა ფრაქციაში დღეს უნდა გამართულიყო.  ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, დღეს ფრაქცია „ევროპულ საქართველოსა“ და ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ უნდა გაეცნო. „ევროპული საქართველო“ ფრაქციის ფორმატში ბიუჯეტის გაცნობას დაესწრება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ბიუჯეტის კანონპროექტს ხვალ გააცნობს.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა მე-9 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო და არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი პარლამენტი გააგრძელებს.

კანონმდებლებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტის განიხილვა 7 ოქტომბერს დაიწყეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პირველ შემაჯამებელ სხდომას 16 ოქტომბერს გამართავს. საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის განხილვის პირველ ეტაპს 20 ოქტომბერს დაასრულებს, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

ოპოზიცია 2021 წლის ბიუჯეტს იწუნებს. ისინი ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ, რადგან, მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტი საზოგადოებაზე არ არის მორგებული. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებას" მომავალი წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯის სიდიდესაც ედავებიან.

პირველი ვიცე-პრემიერი ოპოზიციების ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების შედგენილ ყველა ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მუდმივად კლებადია. მაია ცქიიშვილი ოპონენტების ბრალდებებს უპირისპირებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას.

ქვეყნის მთავარ ფიანანსურ დოკუმენტს აკრიტიკებენ საექსპერტო წრეშიც. კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. 

ცნობისათვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით 12 200,0 მლნ ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებაა პროგნოზირებული.

მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

მიმავალი წლის ეკონომიკური პარამეტრები, იხილეთ აქ.

რომელ უწყებს რამდენი ერგება მომავალი წლის ბიუჯეტიდან, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system