თავში

ყარაბაღის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს

ყარაბაღის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს
ყარაბაღის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს

ყარაბაღის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს. აზერბაიჯანი მონაწილეობს არაბეთის ტურიზმის ბაზრის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში დუბაიში. როგორც აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს პრესმდივანი კანან გულუზადე ამბობს, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დაწყებიდან ეს არის ქვეყნის პირველი არადისტანციური და უშუალო მონაწილეობა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში.

"აქამდე ჩვენ გამოფენებზე მხოლოდ ინტერნეტით ვმონაწილეობდით, ამჯერად ყარაბაღის, მათ შორის, ქალაქ შუშას პოტენციალს ვაცნობთ ტურიზმის საერთაშორისო ბაზარს. გამოფენის მონაწილეები დიდ ინტერესს იჩენენ მის მიმართ," - ამბობს გულუზადე.

ცნობისთვის, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე სპეციალური სტენდით წარმოდგენილია საქართველოც. გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული კომპანიები: „WST Georgia“, „Guide of Georgia“, „Georgian Holidays“, „Voyager“, „Travel to Georgia 2010“,“ Arrival DMC“ და სასტუმრო „The Biltmore Hotel“  მონაწილეობენ. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებს მართავს, მოეწყო სამუშაო შეხვედრები სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებთან. კერძო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ საშუალება დაამყარონ ახალი კონტაქტები და ტურისტული პაკეტები შესთავაზონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტურ-ოპერატორებს.

დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2019 წელს მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასი იყო. გამოფენა 16 მაისს დაიწყო და 19 მაისს დასრულდება. 

აზერბაიჯანი და საქართველო ტურისტულ სვლებს ინდივიდუალურადაც და ერთობლივადაც გეგმავენ. უკვე მზადაა საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ტურპაკეტის პროექტი.  მხარეებმა ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განაახლეს. ორმა ქვეყანამ ერთობლივი ტურისტული სვლა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წლისთვის დაგეგმა. მეზობელ ქვეყნებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნათ მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გადადო. მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადი გახდა, მხარეებმა გეგმა განაახლეს. აზერბაიჯანის ტუროპერატორებს საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნეს.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტების შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი ტურისტული პაკეტის შემუშავება მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს, რომ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებმა მიმოსვლა გააქტიურონ და სხვა ქვენების ტურისტებიც მოიზიდონ. მათი მტკიცებით, ამის შესაძლებლობას იძლევა ,,იუნესკოს" ძეგლები, დაცული ტერიტორიები და სხვადასხვა ტიპის ღირშესანიშნაობები, როგორიც საქართველოსა და აზერბაიჯანში საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ყარაბაღის ტურისტული პოტენციალი იზრდება.  რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგია მზადაა. წელს ამ რეგიონში სამი აეროპორტის ასაშენებლად 1.3 მლრდ დოლარი დაიხარჯება. აეროპორტები ფიზულში, ლაჩინსა და ზანგილანში აშენდება.

10 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი ყარაბაღის აღდგენისთვის 60 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. მხოლოდ წელს ქვეყნის მთავრობა აპირებს დახარჯოს დაახლოებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარი რეგიონის აღდგენისთვის. სოფლის მეურნეობის გარდა, რეგიონში განვითარდება ტურიზმი და სამთო მრეწველობა.

ყარაბაღში ინვესტიციის სურვილს უცხოელი ინვესტორები გამოთქვამენ. ყარაბაღში საქმის წამოწყების სურვილს გამოთქვამენ ძირითადად თურქეთის, რუსეთის, პაკისტანის, უნგრეთის, ყაზახეთის, ინვესტორი კომპანიები. ყარაბაღის აღდგენაში ჩაერთვებიან უკრაინული კომპანიებიც.

ყარაბაღში "მწვანე ენერგიის" ზონა იქმნება. აზერბაიჯანში ოკუპაციისგან განთავისუფლებული ტერიტორიების, ყარაბაღის, უწყვეტი და მაღალი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება: კალბაჯარში, ფიზულში, ჯაბრაილში, ზანგილანში, გუბადლში, აღდამში. ამ ლოკაციებზე 9 ქვესადგური შენდება. დასრულებულია სუგოუშუშანის 2 მცირე ჰიდროელექტროსადგურის რეკონსტრუქცია. უახლოეს მომავალში, კალბაჯარში 2 მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და აღდგენა დაიწყება. ერთი ქვესადგური შუშაში გუშინ გაიხსნა.

თებერვალში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაზე საქართველოც მოიხმო. მისი შეფასებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრებისგან შედგება, მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

"როგორც თურქეთს, ისე ირანს, და მომავალში, სურვილის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს, შეუძლია, შეუერთდეს ამ პლატფორმას", - აღნიშნა ალიევმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ომი ყარაბაღში შარშან 27 სექტემბერს დაიწო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ და ბაქომ კონტროლი აიღო ყარაბაღის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის, 1990-იანი წლების დასაწყისში ომის დროს დაკარგულ რეგიონებზე. შეთანხმებების თანახმად, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ. ბაქოს ახლო მოკავშირემ, თურქეთმა, რუსეთთან ერთად, რეგიონში გახსნა მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის გასაკონტროლებლად. ილჰამ ალიევის განმარტებით, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ბაქო თურქულ იარაღს ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system