თავში

ჰესები გვჭირდება - ზურაბ ჯაფარიძე

ჰესები გვჭირდება - ზურაბ ჯაფარიძე
ჰესები გვჭირდება - ზურაბ ჯაფარიძე

"მე მგონია, რომ ჰესები გვჭირდება, მათ შორის გვჭირდება დიდი ჰესები, რადგან ჩვენ ენერგეტიკაში გვაქვს სერიოზული პრობლემა. სულ გვაქვს სამი წყარო ელექტროენერგიის. ეს არის ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგურები და იმპორტი. აქედან ყველაზე ძვირი არის იმპორტი და ყველაზე იაფია ჰიდროელექტროსადგურები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ვცადოთ ჰიდრორესურსების უფრო მეტად გამოყენება და რესურსების ესე მიღება. საბოლოო ჯამში, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გამოვიყენებთ სულ უფრო და უფრო მეტ ენერგიას," - ასე ფიქრობს ზურა (გირჩი) ჯაფარიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჰესების საწინააღმდეგო კამპანიის უკან კონკრეტული ძალები დგას. ჰესებთან ერთად, ჯაფარიძე ასევე მხარს უჭერს ატომური ენერგიის განვითარებასაც, თუმცა საქართველოში ამ ინიციატივის გატანა ისევე შეუძლებელი ჰგონია, როგორც მასკის ჩამოყვანა იგივე მიზეზებით. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ხალხი იქნება წინააღმდეგი და ათას სისულელეს დაიჯერებენ, ათას სისულელეს იყვირებენ, გამოცვივდებიან და ბევრ სიგიჟეს ჩაიდენენ.

“მე ვარ წინააღმდეგი ამ კამპანიის, რომ დიდი ჰესები არ გვინდა, ეგ მგონია ერთის მხრივ სისულელე და მეორეს მხრივ მგონია, რომ კონკრეტული ძალები დგას მაგის უკან, ვის ინტერესშიც არის ის, რომ აქ, საქართველოში ჩვენ ვერ შევძლოთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა და მუდმივად ვიყოთ ჩამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე. მაგ ნაწილში სრულად გააზრებული მაქვს, რომ ჩვენ ენერგია გვჭირდება და ეს ენერგია რაც შეიძლება იაფი წყაროებიდან უნდა მოვიპოვოთ. საუკეთესო ვერსია, რაც გვაქვს, ეს არის ჯერჯერობით წლის რესურსი და წყლის რესურსიდან მიღებული ენერგია. ზოგადად, რომ შეადაროთ ღარიბი და განვითარებული ქვეყნები, ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ განვითარებულ, მდიდარ, წარმატებულ ქვეყნებში ერთ სულ ადამიანზე ენერგეტიკის მოხმარება არის მაღალი. განვითარება მათ შორის მაგასაც ნიშნავს, რომ ადამიანი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს. ჩვენ ენერგია გვჭირდება ყველა ვარიანტში, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, რომ ჩვენ განვვითარდეთ ისე, რომ მეტი ენერგია არ მოვიხმაროთ. ყველაფერში ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც იძახის, რომ ჩვენ ჰესები გვჭირდება. იმ გიჟობების არ მჯერა, რომ ჰესები არ გვინდა და ქარზე ვიზამთ და მზეზე ვიზამთ, ეგ ყველაფერი ზღაპარია. თუ კითხვა ისმის ეგრე, უნდა აშენდეს თუ არა, მაგ კითხვაზე ჩემი პასუხი არის, რომ ეგ არ არის ჩემი გადასაწყვეტი, არც მთავრობის გადასაწყვეტი არ არის. საბოლოო ჯამში ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უღირთ თუ არა, რომ საკუთარი ტერიტორიები დათმონ. ვიღაცას შეიძლება მამა-პაპისეული სახლი უდგას იქ და მისთვის ამას იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ არ უღირს არაფრად, რომ ეს დათმოს. მანდ მიდიხარ მთავარ კითხვამდე, ჩვენც გვიწერია კონსტიტუციაში და არ მომწონს, უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს უფლება ეგეთ მომენტში, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიადი მიზნებისთვის შელახოს ადამიანის საკუთრების უფლება. მანდ განსხვავდება ჩემი აზრი ბევრი სხვისი აზრისგან. მე მანდ ვდგავარ ერთი ადამიანის გვერდით და ვიძახი, რომ ერთი ადამიანის საკუთრების უფლება არ უნდა შეილახოს. შესაბამისად, როდესაც პოტენციური ინვესტორი ჩამოდის და უნდა რაღაც პროექტის გაკეთება, სამინისტროებში კი უნდა მიდიოდეს და იქ კი არ უნდა აწყობდეს ფულით ამ საქმეებს და იქიდან კი არ უნდა იღებდეს ამ ნებართვას, არამედ უნდა მიდიოდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათგან უნდა იღებდეს ნებართვას”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

გუშინ ნამახვანჰესის პროექტის დეველოპერმა კომპანიამ ENKA Renewables-მა ჰესის შესახებ საზოგადოებაში არსებული მცდარი მოსაზრებების, მითების, უგულებელყოფა სპეციალური პრეზენტაციით სცადა.

ნამახვანიჰესზე მედიაციაში ევროკავშირი ერთვება. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორი დირკ ბუშლე ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო. ამას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და ნამახვანიჰესის პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის. ასევე განიხილოს კომერციული დავები კერძო პირებს შორის; დავა სახელმწიფოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის; ან დავები ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მხარეებსა და სამდივნოს შორის. ესაა ხანგრძლივი არბიტრაჟის ალტერნატივა, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების მოქნილი მექანიზმი. ცენტრის საქმიანობა ემყარება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გამოცდილებას.

ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 5 თვეა გააქტიურდა. რიონის ხეობაში პერმანენტული აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ნამახვანიჰესის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, პოლიცია კი ამის ნებას მათ არ აძლევს. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე, მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ანუ, კომპანიასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება შეჩერებულია უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, თუმცა კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საგზაო სამუშაოებს აგრძელებს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.

მთავრობის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ნამახვანიჰესზე გადის. მათივე მტკიცებით, ქვეყანას მცირე ჰესებთან ერთად, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება, რადგან ქვეყანა არაა მდიდარი ნავთობითა და გაზით. ის სიმდიდრე, რაც საქართველოშია წყალია და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება. მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველომ წლების წინ გააკეთა ისტორიული არჩევანი და ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი გახდა.

ნამახვანჰესის მშენებლობას პრემიერ-მინისტრიც განმარტავს. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რისი შეფერხებაც არაგონივრული და გაუმართლებელია.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. ამ ჰესის კასკადის პროექტი ქართველმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ, ჩაიბარა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

როგორია ნამახვანჰესის ენერგეტიკული ფასეულობა, ან რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system