თავში

რაშია გამოსავალი ნამახვანიჰესთან დაკავშირებით

რაშია გამოსავალი ნამახვანიჰესთან დაკავშირებით
რაშია გამოსავალი ნამახვანიჰესთან დაკავშირებით

"საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები, პროექტის ტექნიკური საფრთხეების, გარემოზე ზემოქმედების, მისი სტრატეგიული დასაბუთების, პროცესის გამჭვირვალობის, სახელმწიფო დათმობების მიზანშეწონილობის, პროცედურების დაცვის და სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით. კითხვებზე გაცემული პასუხები კი ან არადამაჯერებელია, ან ვერ აღწევს ადრესატამდე. აშკარაა სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაციის და მართვის დეფიციტი," - ამის შესახებ აღნიშნულია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” კვლევაში, რომლის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ვერ ახერხებს პროტესტის მონაწილეებთან პირდაპირ დიალოგს და იშველიებს ექსპერტთა საბჭოებს ან უცხოურ კომპანიებს, რაც, პროტესტის მომხრეთა ჩართულობის გარეშე, ისევ მონოლოგის და არა დიალოგის გზაა. 

"დიალოგს ხელს უშლის ისიც, რომ ჰესის „მომხრეებად“ და „მოწინააღმდეგეებად“ დაყოფილი საზოგადოება და სხვადასხვა ინფორმაციას ფლობს. ჰესის კრიტიკოსთა კითხვების დიდი ნაწილი ჰესების საწინააღმდეგო ცრუ ინფორმაციით, ან ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით არის გამოწვეული. მცდარი ინფორმაციის დიდი მასივიდან მცირე ამონაკრები შეგიძლიათ იხილოთ აქ. არასწორი ინფორმირებით ხდება საზოგადოების პოლარიზება და დეზორიენტაცია რითაც ქვეყანას ბევრად მეტი ზიანი ადგება, ვიდრე კონკრეტული პროექტის ჩაშლაა. პროტესტის მონაწილეები და მომხრეები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. სამწუხაროდ პროტესტის მონაწილეებს ნაკლებად ჰყავთ საკმარისი პროფესიული ცოდნით აღჭურვილი, მიუკერძოებელი და კონსტრუქციულად განწყობილი, წარმომადგენლები. ის ორგანიზაციები და პირები, ვინც ამ ფუნქციას კისრულობენ, ზოგჯერ მცდარი ინფორმაციით და მიკერძოებით მეტ დაპირისპირებას და არა საგნობრივ დიალოგს უწყობენ ხელს. ამის მაგალითია თუნდაც ხელშეკრულების მუხლების არასწორი და განმეორებითი ინტერპრეტაცია ან პროექტის რისკების აჟიტირება. სამწუხაროდ მიმდინარე პროცესი დამყარებულია დაპირისპირებაზე, სადაც კომუნიკაციის და თანამშრომლობის დეფიციტის პირობებში ფაქტები და პროფესიული სიმართლე გადასულია უკანა პლანზე ან სრულიად უგულებელყოფილია. პროექტის მიმართ დასმული კითხვები ძირითადად გამოიყენება მხოლოდ პროექტის შეჩერების და არა მისი გაუმჯობესების მოთხოვნის გასამყარებლად. რაც არასწორია: პროექტზე სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი. ის უნდა ითვალისწინებდეს ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, პოლიტიკურ და უსაფრთხოების ასპექტებს ქვეყნის ძირეულ ფასეულობებს, ადგილობრივ და საქვეყნო ინტერესებს. საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობის, არამედ მისი შეწყვეტის საფრთხეების ყოველმხრივი შეფასებაც. ამ პირობებში კიდევ უფრო დასაფასებელია რიონის ხეობის მცველების თავშეკავებული და მოზომილი ქმედება, რაც მათ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიუთითებს," - აღნიშნულია კვლევაში. 

აქვე ხაზგასმულია, რომ ნამახვანჰესი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და, სწორად აშენების შემთხვევაში, უდიდეს სარგებლის მოტანა შეუძლია, არასწორი აშენებით ან მის გარშემო შექმნილი დაპირისპირების ძალისმიერი გადაწყვეტით კი ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. 

"დაპირისპირების საფუძველია მხარეთა განსხვავებული ხედვა პროექტის რისკებისა და სარგებლის შესახებ, რისი აღმოფხვრაც შესაძლებელია მხოლოდ ობიექტური, პროფესიული ინფომრაციით, მეცნიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. საკითხის პოლიტიზირება მხოლოდ შემდგომ დაპირისპირებას იწვევს და ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. ჩვენი ღრმა რწმენით პროექტის მიმართ დასმულ საკითხებს შორის არ არის ისეთი, რომელიც სურვილის შემთხვევაში, მუშაობით (და არა ბრძოლით), ვერ დაიძლევა. ასეც რომ არ იყოს, და პროექტს გამოუსწორებელლი ხარვეზები ჰქონდეს, კრიზისის სამუშაო გარემოში გადაყვანით შეიძლება უამრავი სისტემური სარგებლის მიღება. მათ შორის ავამაღლოთ პროექტების გამჭვირვალობა, ხარისხი და ანგარიშვალდებულება, გავაუმჯობესოთ ენერგეტიკის მართვის და დაგეგმვის ხარისხი, გარემოსდაცვითი კვლევების და პროცედურების ხარისხი; გადაიხედოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა ადგილობრივი თქმების სასარგებლოდ; დაფასდეს პროფესიული ცოდნა, მეცნიერული კვლევა და განათლება; საზოგადოებამ გამოიმუშავოს იმუნიტეტი დეზინფორმაციის მიმართ, და რაც მთავარია, ჩვენი მწირი ენერგია და რესურსი დაიხარჯოს არა შიგა დაპირისპირებაზე არამედ განვითარებაზე. ამისთვის ჩართულმა მხარეებმა, და უპირველესად მთავრობამ, მაქსიმალური პასუხისმგებლობა და ძალისხმევა უნდა გამოჩინონ მდგომარეობის დასარეგულირებლად. უახლოესი პერიოდი დაგეგმილ აქციებამდე ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პასიურობა ან დიალოგის უარყოფა რომელიმე მხარის მიერ სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იქნება. საჭიროა ადგილობრივი სპეცილიასტები და მეცნიერები მეტი პასუხისმგებლობით, ჩაერთონ ობიექტურ სამეცნიერო და პროფესიულ განხილვაში და მისი არსი მიუკერძოებლად მიიტანონ მხარეებთან. საზოგადოების ცნობადმა სახეებმა და პოლიტიკოსებმა სასურველია ხელი შეუწყონ კონსტრუქციულ დიალოგს და სამუშაო პროცესს, ხოლო პოზიციები დააფიქსირონ სრულფასოვან პროფესიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. პროტესტის მონაწილეებმა სასურველია გაითვალისწინონ მდგომარეობის სენსიტიურობა და მეტად ჩაერთონ დიალოგში, მეტი მზაობით განიხილონ განსხვავებული მოსაზრებები. უმთავრესი პასუხისმგებლობა კი აქვს სახელმწიფოს რათა პროტესტის მონაწილეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მაქსიმალური გამჭვირვალობის პირობებში, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სანდო და თანამონაწილეობრივი დიალოგი, ადგილობრივი და საჭიროებისამებრ უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. ნამახვანჰესის დილემაა - გავაგრძელოთ დამანგრეველი დაპირისპირება, თუ ერთად გავიაზროთ ქვეყნის ინტერესები და შევუდგეთ მათ განხორციელებას; გავიმარჯვოთ ერთმანეთზე და ქვეყანაზე, თუ გავიმარჯვოთ ერთად და ქვეყნისთვის. გვინდა მშვიდობა, წარმატება და ერთად გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას და ყველა მის მოქალაქეს," - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ნამახვანიჰესზე მედიაციაში ევროკავშირი ერთვება. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორი დირკ ბუშლე ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. ამას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და ნამახვანიჰესის პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს.

ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 5 თვეა გააქტიურდა. რიონის ხეობაში პერმანენტული აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ნამახვანიჰესის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, პოლიცია კი ამის ნებას მათ არ აძლევს. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე, მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ანუ, კომპანიასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება შეჩერებულია უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, თუმცა კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საგზაო სამუშაოებს აგრძელებს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.

მთავრობის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ნამახვანიჰესზე გადის. მათივე მტკიცებით, ქვეყანას მცირე ჰესებთან ერთად, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება, რადგან ქვეყანა არაა მდიდარი ნავთობითა და გაზით. ის სიმდიდრე, რაც საქართველოშია წყალია და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება. მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველომ წლების წინ გააკეთა ისტორიული არჩევანი და ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი გახდა.

ნამახვანჰესის მშენებლობას პრემიერ-მინისტრიც განმარტავს. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რისი შეფერხებაც არაგონივრული და გაუმართლებელია.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. ამ ჰესის კასკადის პროექტი ქართველმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ, ჩაიბარა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

როგორია ნამახვანჰესის ენერგეტიკული ფასეულობა, ან რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system