თავში

ღარიბაშვილი ნამახვანიჰესის ინვესტორს შეხვდება

ღარიბაშვილი ნამახვანიჰესის ინვესტორს შეხვდება
ღარიბაშვილი ნამახვანიჰესის ინვესტორს შეხვდება

"თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს, დეტალურად გავერკვიო, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. რაც შეეხება დანარჩენ ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნამახვანჰესს შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინა და ეს მზაობა იყო, არის და იქნება.

მისივე თქმით, მთავრობამ მოიწვია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს.

„ჩემი პოზიცია არის შემდეგი - ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა და ეს მზაობა იყო, არის და იქნება. გაგრძელდება ეს მზაობა ჩვენი მხრიდან. ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე და გუბერნატორი, მთელი სამინისტროები ჩართულები იყვნენ და არიან. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს, ასევე მე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლონ, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა, აღნიშნული პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან, აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს.

კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს, დეტალურად გავერკვიო, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. რაც შეეხება დანარჩენ ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი და ჩვენ კარგად გვახსოვს სწორედ ის ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ კარგად მოგეხსენებათ, მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, დავკარგეთ მიწა-წყალი. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ, სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გუშინ გაშალეს. აქტივისტების თქმით, კარვები იქნება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამისთვის მათ  ხელისუფლებას ადა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. მათი მოთხოვნებია: 1. კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. 2. გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 3. პასუსხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ პირს ვინც პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების შემუშავებაში იყო ჩართული. 4. გამოცხადდეს ენერგოსექტორში მორატორიუმი.

ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 5 თვეა გააქტიურდა. რიონის ხეობაში პერმანენტული აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ნამახვანიჰესის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, პოლიცია კი ამის ნებას მათ არ აძლევს. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე, მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ანუ, კომპანიასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება შეჩერებულია უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, თუმცა კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საგზაო სამუშაოებს აგრძელებს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.

ნამახვანიჰესზე მედიაციაში ევროკავშირი ერთვება. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორი დირკ ბუშლე ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო. ამას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და ნამახვანიჰესის პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის. ასევე განიხილოს კომერციული დავები კერძო პირებს შორის; დავა სახელმწიფოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის; ან დავები ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მხარეებსა და სამდივნოს შორის. ესაა ხანგრძლივი არბიტრაჟის ალტერნატივა, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების მოქნილი მექანიზმი. ცენტრის საქმიანობა ემყარება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გამოცდილებას.

მთავრობის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ნამახვანიჰესზე გადის. მათივე მტკიცებით, ქვეყანას მცირე ჰესებთან ერთად, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება, რადგან ქვეყანა არაა მდიდარი ნავთობითა და გაზით. ის სიმდიდრე, რაც საქართველოშია წყალია და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება. მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველომ წლების წინ გააკეთა ისტორიული არჩევანი და ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი გახდა.

ნამახვანჰესის მშენებლობას პრემიერ-მინისტრიც განმარტავს. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რისი შეფერხებაც არაგონივრული და გაუმართლებელია.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. ამ ჰესის კასკადის პროექტი ქართველმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ, ჩაიბარა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

როგორია ნამახვანჰესის ენერგეტიკული ფასეულობა, ან რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system