თავში

იაპონიის ელჩი: ძალიან ვწუხვარ, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერდა

იაპონიის ელჩი: ​ძალიან ვწუხვარ, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერდა
იაპონიის ელჩი: ძალიან ვწუხვარ, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერდა

"ძალიან ვწუხვარ, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერდა," - ამის შესახებ იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ  Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში ანაკლიის დეტალური კვლევა იაპონიის წამყვანი ინჟინრული საკონსულტაციო კომპანია Nippon Koei-მ დაიწყო.

„ნება მიბოძეთ ვისაუბრო Nippon Koei-ზე, რომელიც ძალიან გამოცდილი კომპანიაა. მან ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა. ამ კომპანიას ჰყავს ძლიერი ექსპერტები და მათ აქვთ წარმატების მაგალითები აზიის ქვეყნებში. მათი დასკვნით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ოპერირება დამაიმედებელია. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ადეკვატურად განვითარდება ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლიის ქალაქი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა – დამაკავშირებელი გზები აეროპორტთან, პორტთან, შიდა გზები თუ სარკინიგზო ხაზები. განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის გარეშე სპეციალური ეკონომიკური ზონა ვერ იმუშავებს. ასე რომ ვიმედოვნებ, იაპონური კომპანია გაუძღვება ამ კუთხით ეკონომიკური ზონის განვითარებას“, – განაცხადა ელჩმა და ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე, რასაც ადგილობრივები ამ პროექტით მიიღებდნენ.

„სპეციალური ეკონომიკური ზონა იქ მცხოვრებლებს გარკვეულ პირობებს უწესებს, მაგალითად, როდესაც კომპანია შემოდის და ამ ზონაში აშენებს ქარხანას, ერთ-ერთი მოთხოვნა არის ნარჩენების მართვა, ასევე დასაქმებულების ტრენინგები. საერთო ჯამში, ასეთი პირობები ხელს უწყობს ბიზნეს კულტურის და გარემოს გაუმჯობესებას. თითოეულ მცხოვრებს და კომპანიას სურს ისარგებლონ ძალიან მოხერხებული და კომფორტული სპეციალური ეკონომიკური ზონის მომსახურებებით. ეს კარგია ქართველი ხალხისა და მთავრობისთვის, ვინაიდან დაახლოებით 100 საერთაშორისო კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაიწყებს ოპერირებას ამ ჩვენი პირობების მიხედვით. ეს პირობები კი შექმნილია იმისთვის, რომ ეს კომფორტული იყოს ადგილობრივებისთვის და ქვეყნისთვის. ეს კარგი კომბინაციაა სხვადასხვა მხარისთვის – არამხოლოდ კომპანიისთვის, რომელიც იქ ფულს გააკეთებს, არამედ ეს კარგია ხალხისთვის, მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის. ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ ისინი დაბრუნდებიან“, – დასძინა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. ისინი ანაკლიის პორტის პროექტში უფლებების დარღვევისთვის ერთ მლრდ აშშ დოლარს მოითხოვენ.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლოა სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ.

კონსორციუმში უკანონოს უწოდებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც ევროპული ინვესტიციით. მათი თქმით, პროვოკაციული დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს ვერ დააზიანებს და რომ კონსორციუმის დავა საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულია.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ კონსორციუმის დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. დავა წინასწარ განწირულია პირველი ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის აზრითაც , თუმცა მისი თქმით, ერთადერთი ზარალი, რაც ამ დავით შეიძლება სახელმწიფომ ნახოს, არის ის, რომ საარბიტრაჟო პროცესი ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებას დააყოვნებს.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ საარბიტრაჟი დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს გაუფუჭებს. მათი თქმით, ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, საქართველო მიიღებს უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს.

თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან პორტის მშენებლობაში თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს. მან კონსორციუმის ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა ჯერ კიდევ 14 მაისს გამორიცხა, როცა კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს. ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

ჰოჯესის პასუხად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნმავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს საქართველოს.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს საპორტი ინფრასტრუქტურის განვითარებვის ტემპი დააჩქაროს. მისივე თქმით, დაგეგმილია შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. თურნავას განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.

ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები, მოსაზრებები, შეფასებები, ეჭვები, მტკიცებულებები, ბრალდებები, პასუხები და ყველა სხვა დეტალი იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system