თავში

მომავალი წლის ბიუჯეტს დღეს ფრაქცია "ქართული ოცნება" განიხილავს

მომავალი წლის ბიუჯეტს დღეს ფრაქცია "ქართული ოცნება" განიხილავს
მომავალი წლის ბიუჯეტს დღეს ფრაქცია ქართული ოცნება განიხილავს

საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვას ფრაქციების ფორმატში აგრძელებს.

ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე დღეს ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ წარუდგენს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიუჯეტის განხილვისას ორი მნიშვნელოვანი მომენტი უნდა იქნას გათვალისწინებული. პირველი ეს გახლავთ მზარდი რისკები თავად „კორონასთან“ დაკავშირებით და მეორე ესაა 2021-2024 წლების მაკროეკონომიკური პროგნოზი, რომელიც სავალუტო ფონდმა უნდა გააკეთოს და ეს პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. 

"სწორედ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება ბიუჯეტის დაკორექტირება. დღევანდელი ბიუჯეტის პირველად ვერსიაში კი ჩვენ ვხედავთ, რომ არის სხვადასხვა მხარჯველი სუბიექტების ბიუჯეტი დაახლოებით იმ ციფრებით წარმოდგენილი, როგორც ეს 2020 წლის ცვლილებამდე იყო. სწორედ ამით არის ეს განპირობებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ 72 მილიონით ბიზნესის მხარდაჭერას, ვხედავთ 15 მილიონით სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას, 20 მილიონს გრანტებისთვის, შენარჩუნებულ დაპირებას პენსიებთან დაკავშირებით“, – ამბობს რომან კაკულია.

პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა ფრაქციების ფორმატში გუშინ დაიწყო. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, ფრაქცია „ევროპულ საქართველოსა“ და ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გუშინ გააცნო. "ევროპული საქართველო“ ფრაქციის ფორმატში ბიუჯეტის განხილვას დაესწრო, თუმცა განაცხადეს, რომ 2021 წლის ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ

„ნაციონალურ მოძრაობა“ კი ბოიკოტის რეჟიმშია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა მე-9 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო და არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი პარლამენტი გააგრძელებს.

კანონმდებლებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტის განიხილვა 7 ოქტომბერს დაიწყეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პირველ შემაჯამებელ სხდომას 16 ოქტომბერს გამართავს. საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის განხილვის პირველ ეტაპს 20 ოქტომბერს დაასრულებს, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

ოპოზიცია 2021 წლის ბიუჯეტს იწუნებს. ქვეყნის მთავარ ფიანანსურ დოკუმენტს აკრიტიკებენ საექსპერტო წრეშიც. კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებას" მომავალი წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯის სიდიდეს ედავებიან.

პირველი ვიცე-პრემიერი ოპოზიციების ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების შედგენილ ყველა ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მუდმივად კლებადია. მაია ცქიიშვილი ოპონენტების ბრალდებებს უპირისპირებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას.

ცნობისათვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით 12 200,0 მლნ ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებაა პროგნოზირებული.

მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

მიმავალი წლის ეკონომიკური პარამეტრები, იხილეთ აქ.

რომელ უწყებს რამდენი ერგება მომავალი წლის ბიუჯეტიდან, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system