თავში

როგორია ხელისუფლების გეგმა პორტთან დაკავშირებით

როგორია ხელისუფლების გეგმა პორტთან დაკავშირებით
როგორია ხელისუფლების გეგმა პორტთან დაკავშირებით

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში მსხვილ სატრანსპორტო პროექტებზეა ყურადღება გამახვილებული. დოკუმენტის მიხედვით, ფოთში ახალი ტერმინალი შენდება, ვითარდება ბათუმის პორტი და დაგეგმილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებაც.

"სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, იგეგმება ფოთში APM ტერმინალის გაფართოება და Pace Group-ის ახალი ტერმინალის მშენებლობა (პროექტი დაწყებულია - აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა); ასევე, მიმდინარეობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა (აშშ-ის კორპორაცია TRAMO GROUP-ის ინვესტიცია); სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა ანაკლიის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას,"- ნათქვამია ოცნების საარჩევნო პროგრამაში. 

მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაში არაა დაკონკრეტებული ვადა, თუ როდის აპირებს ხელისუფლება საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის პორტზის მშენებლობისთვის. 

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავის გამო, არსებობს რისკი, რომ ანაკლიის პორტზე გამოსაცხადებელი ტენდერი ჩაიშალოს. 

“შესაძლო რისკები - არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი,"- ვკითხულობთ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში.

2020-25 წლებში მთავრობის მიერ საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მისთვის მთავრობა 1.7 მილიარდს ითვალისწინებს. 

მთავრობა ახალ ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის პორტის პროექტისთვის მომდევნო წლის მეორე ნახევარში გეგმავს და მანამდე სატენდერო დოკუმენტაციას გადახედავს. 

ცნობისთვის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მმართველ გუნდს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განზრახ დაპაუზებაში სდებს ბრალს. 

ანაკლიის პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

გუშინ ანაკლიის კონსორციუმმა ორჯერ გამოთქვა მზაობა გააგრძელოს ანაკლიის პორტის მშენებლობა.

კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. ისინი ანაკლიის პორტის პროექტში უფლებების დარღვევისთვის ერთ მლრდ აშშ დოლარს მოითხოვენ.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლოა სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ.

კონსორციუმში უკანონოს უწოდებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც ევროპული ინვესტიციით. მათი თქმით, პროვოკაციული დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს ვერ დააზიანებს და რომ კონსორციუმის დავა საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულია.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ კონსორციუმის დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. დავა წინასწარ განწირულია პირველი ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის აზრითაც , თუმცა მისი თქმით, ერთადერთი ზარალი, რაც ამ დავით შეიძლება სახელმწიფომ ნახოს, არის ის, რომ საარბიტრაჟო პროცესი ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებას დააყოვნებს.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ საარბიტრაჟი დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს გაუფუჭებს. მათი თქმით, ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, საქართველო მიიღებს უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს.

თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.

ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს. ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განმარტებით, ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს საქართველოს.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს საპორტი ინფრასტრუქტურის განვითარებვის ტემპი დააჩქაროს. მისივე თქმით, დაგეგმილია შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. თურნავას განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

ორი ღრმაწყლოვანი პორტის სრულფასოვანი თანაარსებობის შესაძლებლობასა და აუცილებლობაზე საუბრობს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილიც. 

ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები, მოსაზრებები, შეფასებები, ეჭვები, მტკიცებულებები, ბრალდებები, პასუხები და ყველა სხვა დეტალი იხილეთ აქ.


ამასთანავე, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system