თავში

ტურიზმიდან ვაქცინაცია 3 000-მდე ადამიანს სურს

ტურიზმიდან ვაქცინაცია 3 000-მდე ადამიანს სურს
ტურიზმიდან ვაქცინაცია 3 000-მდე ადამიანს სურს

ამ ეტაპზე ტურიზმიდან ვაქცინაცია 3 000-მდე ადამიანს სურს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინით ტურიზმში დასაქმებულებიდან მხოლოდ 300-400 ადამიანი შეძლებს აცრას. როგორც ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გაბუნიამ განაცხადა, დარგის წარმომადგენლების აცრა შემდგომში „სინოვაკის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

„ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილს „სინოფარმით“ ორგანიზებული ვაქცინაცია შევთავაზეთ, თუმცა „სინოფარმის“ დოზები, რომელიც ესენციური ჯგუფებისთვის იყო დარეზერვებული მცირე რაოდენობებით არის, ამიტომ ტურიზმთან მიმართებით დაახლოებით 300-400 დოზაზეა საუბარი. დოზების უფრო მეტი რაოდენობა პოლიციას და თავდაცვას მოხმარდა. მთავარია, რომ დავიწყოთ პროცესი. ინტერესი მზარდია, უკვე 3 000-მდე ადამიანია წინასწარ დარეგისტრირებული და ჩვენ გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ორგანიზებული სახით მიიღონ მონაწილეობა. აჭარაშიც გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა და იქაც არის აქტივობა, როგორც სხვაგან. ვფიქრობთ, „სინოვაკი“ იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მათ აქტიურად მიიღონ ვაქცინა და ტურისტებს აქტიურად დახვდნენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყანაში აცრა სულ სამი ვაქცინით მიმდინარეობს: ფაიზერი, სინოფარმი და ასტრა–ზენეკა. ქვეყანაში მომდევნო კვირიდან კორონავირუსზე აცრა ჩინური "სინოვაკითაც" დაიწყება. მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, თუმცა, თამარ გაბუნიას თქმით, არსებობს წინასწარი დადებითი დასკვნა, რომ ვაქცინას ავტორიზაცია მიენიჭება. სპეციალისტების განმარტებით, არაავტორიზებული ვაქცინის შეთავაზებამ, შეიძლება, ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის ტემპი დააგდოს, რაც ტურიზმის აღდგენას კიდევ უფრო დააგვიანებს. არადა, ტურიზმის აღდგენა ახლა ჰაერიით სჭირდება არა მხოლოდ ამ სექტორის წარმომადგენლებს, არამედ სრულიად ქვეყნის ეკონომიკას და ლარსაც. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის დასასტაბილურებლად გამოსავალს ტურიზმის აღდგენაში ხედავენ. ეროვნული ბანკის განმარტებით, ლარის კურსზე მოქმედი მძლავრი ფაქტორი სწორედ ტურიზმია. საქართველოს ფინანსთა მინისტრიც ფიქრობს, რომ ლარზე ეკონომიკაში გაჩენილი დადებითი მოლოდინები მოლოდინები პოზიტიურად აისახება. ლარის გამყარების პერსპექტივას პირდაპირ აკავშირებს ტურიზმის ზრდასთან ეკონომიკის მინისტრიც.

აჭარაში წლევანდელი ზაფხულის სეზონისთვის 4.3 მლნ ლარი დაიხარჯება. ტურიზმიდან წელს, პირველ ოთხ თვეში, იანვარ-აპრილში, საქართველომ 98.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური კლება 77.5%-ია. მარტში კი ტურიზმიდან ქვეყანამ 29.5 მლნ დოლარი მიიღო, რაც 60%-ით ნაკლებია 2020 წლის მარტთან შედარებით. იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირებული იყო 90%-ზ მეტით. 2021 წლის იანვარ-მარტში ტურიზმის კონტრიბუცია ქვეყნის შემოსავლებში მხოლოდ 53.6 მლნ დოლარია.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველომ ტურისტული სექტორიდან $2.7 მილიარდი დოლარის შემოსავლები დაკარგა. ტურიზმის აღდგენის დაჩქარების მიზნით, ბიზნესი სახმელეთო საზღვრების გახსნას დიდი ხანია ითხოვს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრია დაემატა. ვაქცინაციაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაწყებულია. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტურინდუსტრიის ვაქცინაცია დაიწყო. ტურობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, რეკლამირებაში დაეხმარებიან, ანუ მთავრობა უფასო მარკეტინგულ სერვისს გაუწევს. კომპანიების სია დაინტეგრირდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტულ ვებ-პლატფორმასა და ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ კამპანიებში, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ვახორციელებთ და ამ სიას დაინტერესებული პირები გაეცნობიან. ტურიზში დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება. დღეის მდგომარეობით უკვე 2000-მდე მოთხოვნა არის ვაქცინაციაზე რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში. ტურიზმის აღდგენის უმთავრეს წინაპირობად ვაქცინაცია სახელდება, ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

ტურიზმის განახლებული სტრატეგია უკვე გაწერილია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მედეა ჯანიაშვილის ინფორმაციით, წელს ტურიზმის ადმინისტრაციას შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, წინა წლებთან შედარებით, თუმცა იგეგმება კონკრეტული, ფოკუსირებული კამპანიები., რაც გულისხმობს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებას. დაწყებულია ტურიზმის იმ მიმართულებების პოპულარიზაციაზე მუშაობა, რაც პოსტკოვიდურ პერიოდში არის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი საერთაშორისო სტუმრებისთვის.

საქართველო ტურიზმის საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს. France 5-ი საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე გადაცემას ამზადებს. ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობენ. მაისში საქართველოში უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტურს გამართავს, რომლის მიზანია აშშ-სა და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის „Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა და გერმანულ მედიაში ქართულ სათავგადასავლო და ეკოტურიზმზე დაიწერა. მანამდე კი საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, - პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ცნობისთვის,ტურიზმის განახლებული სტრატეგიის პრეზენტაცია პარლამენტში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ცნობისთვის, პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის განახლებული მარკეტინგის სტრატეგიაზე დიდ იმედს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ტურიზმი ძალიან სწრაფად აღდგება. იმის გამო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმის სექტორი იყო, ექსპერტები მთავრობას უპირველესად ამ სექტორის სწარფ აღდგენაზე ძალისხმევის გააქტიურებას ურჩევენ.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system