თავში

ტურიზმის აღდგენის მოლოდინი პოზიტიურია

ტურიზმის აღდგენის მოლოდინი პოზიტიურია
ტურიზმის აღდგენის მოლოდინი პოზიტიურია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვარაუდობს, რომ წელს ტურიზმი 2019 მაჩვენებლის 25%-ის ნიშნულით აღდგება. ამ  ოპტიმიზმის საფუძველს კაკაურიძეს აძლევს ვაქცინაციის პროცესი და ეპიდემიის შესუსტების პროგნოზი. როგორც გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გაზრდილია როგორც ვიზიტორების რაოდენობაც და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც.

„ტურიზმი მაღალი მოცულობის სფეროა, ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-მდე იყო. გასულ წელს თითქმის განულდა ეს სექტორი, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა პანდემიამ, დაახლოებით 90%-ზე მეტით შემცირდა. წელს პირველ კვარტალში დიდი ზრდა არ არის, ჯამში პირველ კვარტალში 134 ათასი ვიზიტორი იყო და ტურიზმიდან შემოსულმა თანხამ 53 მლნ დოლარი შეადგინა, ეს კი დაახლოებით 13%-ია იმ მაჩვენებლების, რაც გასული წლის პირველ კვარტალში გვქონდა. თუმცა აპრილში ზრდის ტენდენცია შეინიშნება, გაზრდილია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ისე შემოსული თანხები და ვფიქრობთ, ეს კარგი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. ვაქცინაციის პროცესთან და ეპიდემიის შესუსტებასთან ერთად ვფიქრობთ, რომ ის გეგმა, რასაც გვინდა მივაღწიოთ, რომ მინიმუმ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 25%-ით მაინც აღდგეს ტურიზმი, შესაძლებელი იქნება მიმდინარე წელს, უფრო მეტად წლის მეორე ნახევარში“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ტურიზმის აღდგენის კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზი აქვს ეკონომიკის მინისტრს. ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ  ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით იყო ნავარაუდევი. თურნავას გათვლით, აღდგენა 30 პროცენტზე მეტი იქნება, შესაძლებელია 50 პროცენტამდეც იყოს.  მინისტრის განცხადებით, საქართველოში გაიზარდა ტურისტების ჩამოსვლა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. ნათია თურნავას განმარტებით, სამეზობლო ქვეყნებიდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც მთავრობა მუშაობს და ქვეყანა სახმელეთო საზღვრების გახსნას მიმდინარე წლის ზაფხულისთვის გეგმავს.  ქვეყანას ღია აქვს საჰაერო საზღვრები და ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს აეროპორტები მალე სრული მასშტაბით ამოქმედდებიან. უახლოეს მომავალში საქართველოს ავიაბაზარზე პირველად შემოსვლას გეგმავს ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ევროვინგზი“.  მაისში ქუთაისიდან პირდაპირი ფრენები 5 ქვეყნის 9 მიმართულებებით შესრულდება.

2020 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 74% -ით შემცირდა. ეპიდემიამ შარშან უმუშევრად დატოვა სექტორში დასაქმებული 100 – დან 120 მილიონამდე ადამიანი. პოლოლიკაშვილის პროგნოზით, ტურიზმს ფინანსური ზარალი აღდგენა დაახლოებით ოთხი წელშია შესაძლებელი. მოგზაურობის ინდუსტრიამ დაკარგა 935 მილიარდი დოლარი 2020 წლის პირველ 10 თვეში კორონავირუსის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივნის შეფასებით, კორონავირუსის ნეგატიური გავლენა გრძელდება 2021 წელსაც, რადგან ახალი შტამების აღმოჩენა ახალი შეზღუდვების შემოღებას იწვევს ქაოსს და მოგზაურობისადმი ინტერესის კლებას. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ტურისტების რაოდენობა 22–55% -ით გაიზრდება.

ევროკავშირი სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს. კავშირის ქვეყნები სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრების გახსნაზე უკვე შეთანხმდნენ. ევროგაერთიანება ახალ რეკომენდაციებს უახლეს მომავალში შეიმუშავებს. ტურისტული სფეროს მუშაობის აღსადგენად, ევროკავშირში კოვიდპასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პანდემიამ მსოფლიო მშპ-ში ტურიზმის წილი ორჯერ შეამცირა. მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს (WTTC) ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ტურიზმის სფეროში 62 მლნ სამუშაო ადგილი შემცირდა, რაც თითქმის 18,5%-ია. ამჟამად ტურიზმის ინდუსტრიაში 272 მლნ ადამიანია დასაქმებული. ანგარიშსი განმარტებულია, რომ პანდემიამდემსოფლიოში ყოველი მეოთხე სამუშაო ადგილი საერთაშორისო ტურიზმზე მოდიოდა. მსოფლიოში მთლიანი სამუშაო ადგილების 10,6% საერთაშორისო ტურიზმის წილი იყო, რაც 334 მლნ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

ანგარიშის მიხედვით, თუკი 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ტურიზმმა 9,2 ტრლნ დოლარი დააგენერირა, 2020 წელს სექტორმა, თითქმის, 4,5 ტრლნ დოლარი დაკარგა, ხოლო მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტზე მისი წილი 49%-ითაა შემცირებული. აქვე აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპი 3,7%-ით დაეცა.

2019 წელს მოგზაურობების დროს დამსვენებლებმა 1,7 ტრლნ დოლარი დახარჯეს, რაც საერთაშორისო ექსპორტის, თითქმის, 7%-ს, ხოლო მომსახურების ექსპორტის 27,4%-ს შეადგენდა. 2020 წელს თავიანთ ქვეყნებში მოგზაურობის დროს ტურისტების ხარჯები 45%-ით, ხოლო საზღვარგარეთ მოგზაურობის ხარჯები, თითქმის, 70%-ით შემცირდა.

ტურიზმი საქართველოში პრიორიტეტული დარგია, რასაც ამტკიცებს ისიც, რომ მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და დაათვალიერა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. მთავრობის მეთაური მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო.

ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ მთავრობაში. გარდა იმისა, რომ ტურიზმის აღდგენა სჭირდება თავად ამ სექტორს, ის ჰაერივით სჭირდება საქართველოს ეკონომიკასაც და ეროვნულ ვალუტასაც. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის დასასტაბილურებლად გამოსავალს ტურიზმის აღდგენაში ხედავენ. ეროვნული ბანკის განმარტებით, ლარის კურსზე მოქმედი მძლავრი ფაქტორი სწორედ ტურიზმია. საქართველოს ფინანსთა მინისტრიც ფიქრობს, რომ ლარზე ეკონომიკაში გაჩენილი დადებითი მოლოდინები მოლოდინები პოზიტიურად აისახება. ლარის გამყარების პერსპექტივას პირდაპირ აკავშირებს ტურიზმის ზრდასთან ეკონომიკის მინისტრიც.

აჭარაში წლევანდელი ზაფხულის სეზონისთვის 4.3 მლნ ლარი დაიხარჯება. ტურიზმიდან წელს, პირველ ოთხ თვეში, იანვარ-აპრილში, საქართველომ 98.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური კლება 77.5%-ია. მარტში კი ტურიზმიდან ქვეყანამ 29.5 მლნ დოლარი მიიღო, რაც 60%-ით ნაკლებია 2020 წლის მარტთან შედარებით. იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირებული იყო 90%-ზ მეტით. 2021 წლის იანვარ-მარტში ტურიზმის კონტრიბუცია ქვეყნის შემოსავლებში მხოლოდ 53.6 მლნ დოლარია.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველომ ტურისტული სექტორიდან $2.7 მილიარდი დოლარის შემოსავლები დაკარგა. ტურიზმის აღდგენის დაჩქარების მიზნით, ბიზნესი სახმელეთო საზღვრების გახსნას დიდი ხანია ითხოვს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრია დაემატა. ვაქცინაციაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაწყებულია. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტურინდუსტრიის ვაქცინაცია დაიწყო. ტურობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, რეკლამირებაში დაეხმარებიან, ანუ მთავრობა უფასო მარკეტინგულ სერვისს გაუწევს. კომპანიების სია დაინტეგრირდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტულ ვებ-პლატფორმასა და ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ კამპანიებში, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ვახორციელებთ და ამ სიას დაინტერესებული პირები გაეცნობიან. ტურიზში დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება. დღეის მდგომარეობით უკვე 2000-მდე მოთხოვნა არის ვაქცინაციაზე რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში. ტურიზმის აღდგენის უმთავრეს წინაპირობად ვაქცინაცია სახელდება, ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

ტურიზმის განახლებული სტრატეგია უკვე გაწერილია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მედეა ჯანიაშვილის ინფორმაციით, წელს ტურიზმის ადმინისტრაციას შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, წინა წლებთან შედარებით, თუმცა იგეგმება კონკრეტული, ფოკუსირებული კამპანიები., რაც გულისხმობს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებას. დაწყებულია ტურიზმის იმ მიმართულებების პოპულარიზაციაზე მუშაობა, რაც პოსტკოვიდურ პერიოდში არის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი საერთაშორისო სტუმრებისთვის.

საქართველო ტურიზმის საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს. France 5-ი საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე გადაცემას ამზადებს. ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობენ. მაისში საქართველოში უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტურს გამართავს, რომლის მიზანია აშშ-სა და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის „Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა და გერმანულ მედიაში ქართულ სათავგადასავლო და ეკოტურიზმზე დაიწერა. მანამდე კი საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, - პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ცნობისთვის,ტურიზმის განახლებული სტრატეგიის პრეზენტაცია პარლამენტში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ცნობისთვის, პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის განახლებული მარკეტინგის სტრატეგიაზე დიდ იმედს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ტურიზმი ძალიან სწრაფად აღდგება. იმის გამო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმის სექტორი იყო, ექსპერტები მთავრობას უპირველესად ამ სექტორის სწარფ აღდგენაზე ძალისხმევის გააქტიურებას ურჩევენ.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system